შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ხელისუფლება მჭიდრო კოორდინაციასა და კომუნიკაციაშია პარტნიორებთან, სწორედ ამის საფუძველზე ვმოქმედებთ
ჩვენი ხელისუფლება მჭიდრო კოორდინაციაშია პარტნიორებთან. სწორედ ამ კოორდინაციისა და კომუნიკაციის საფუძველზე ვმოქმედებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პაპუაშვილმა ნატო-ს შტაბბინაში მისი ვიზიტი წარმატებულად შეაფასა და პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩემი პირველი საგარეო ვიზიტი გახლდათ ნატო-ს შტაბბინაში, სადაც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მივიღე მონაწილეობა, რომელიც იყო ძალიან წარმატებული. მივიღეთ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რაც ეხება ღია კარის პოლიტიკას, რაც შეეხება საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მოწინავე პოზიციებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გვქონდა გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრა.
ჩვენი ხელისუფლება გახლავთ მჭიდრო კოორდინაციასა და კომუნიკაციაში ჩვენ პარტნიორებთან. სწორედ ამ კოორდინაციისა და კომუნიკაციის საფუძველზე ვმოქმედებთ. ასევე, მინდა, დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, უჭირავს პოზიციები, რომ ომის არდაშვება არის მთავარი ამოცანა. ვინაიდან ეს უსაფრთხოების საკითხები ეხება არა მხოლოდ უკრაინას და საქართველოს, არამედ მთლიანად ევროპასა და რეგიონს.
მთავარი ამოცანა დღეს არის ომის არდაშვება. ამ პოზიციას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს უჭირავს, სრულად იზიარებენ ჩვენი პარტნიორები. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სწორედ ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით ვმოქმედებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.