შალვა პაპუაშვილი - ჩვენი არჩევანია ევროპა, ახლა ევროკავშირმა უნდა დაანახოს ქართველ ხალხს, რომ პასუხისმგებლობით ეკიდება, აფასებს იმ ძალისხმევას, რომელიც ქართველმა ხალხმა და ქართულმა სახელმწიფომ გაიღეს
სხვადასხვა დონეზე გააზრებულია, რომ ევროპა კარგად ხედავს, ის უნდა იყოს რეგიონში გეოპოლიტიკური მოთამაშე, მათ შორის, საკუთარი უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა მიიღოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება.
მისი თქმით, დროა, ევროკავშირმა ქართველ ხალხს დაანახოს, რომ ის აფასებს და პასუხისმგებლობით ეკიდება იმ ძალისხმევას, რომელიც ქართველმა ხალხმა და ქართულმა სახელმწიფომ გაიღო.
„კიდევ ერთხელ, აქაც პრაგმატული აზრია ჩადებული, ვინაიდან დღეს საქართველოზე გადის ძირითადი დამაკავშირებელი დერეფანი – ევროპასა და აზიას შორის ე.წ. შუა დერეფანი, რომელიც მნიშვნელოვანია ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით, მათ შორის, არის გადაწყვეტილება რეგიონთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ამას რეგიონშიც უყურებენ ყურადღებით. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ევროპამ უნდა მიიღოს. ზოგადად, საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში თავისი გაღებული სისხლით, თავისი რეფორმებით, ინსტიტუციების განვითარებით, იმით, რომ ჩვენ ვართ სტაბილურად ლიდერი ქვეყანა რეგიონში, როგორც დემოკრატიის, ისე ინსტიტუციების სიძლიერის მხრივ და ასევე, ზოგიერთი პარამეტრით, ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებსაც ვუსწრებთ და ყოველდღიურად ვამტკიცებთ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა და ჩვენ ვიმსახურებთ იმას, რომ ევროკავშირმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამიტომ დღეს, სინამდვილეში, ბურთი არა საქართველოს მოედანზე, არამედ ევროკავშირის მოედანზეა. ევროკავშირმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ქართველ ხალხს დაანახოს, რომ ის პასუხისმგებლობით ეკიდება, ხედავს და აფასებს იმ ძალისხმევას, რომელიც ქართველმა ხალხმა და ქართულმა სახელმწიფომ გაიღო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.