შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელმაც სამი ომი გამოიარა რუსეთთან და რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება რუსული არმია, ამ პირობებში უკრაინას ვუცხადებთ ისეთ სოლიდარობას, რომელსაც სხვები არ გამოიჩენდნენ
სამწუხაროდ, საქართველოში ოპონენტების ნაწილი ცდილობს, რომ პოლიტიკური დისკუსია წაიყვანონ მხოლოდ იმ კალაპოტში, როგორ დააზიანონ ხელისუფლება. ისინი ფიქრობენ, რომ ამით ძალაუფლებას მოიპოვებენ და ა.შ. სინამდვილეში, ამით აზიანებენ საკუთარ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დედამიწაზე არ არის არცერთი ქვეყანა, რომელიც იმავე პირობებში გამოიჩენდა იმავე სოლიდარობას უკრაინის მიმართ, რაც საქართველომ გამოიჩინა.
„გავიხსენოთ ნებისმიერი სხვა დისკუსია, თუნდაც პანდემიის პერიოდში – „ჩაკეტე-გახსენი“ დისკუსია რომ იყო, რომლის ერთადერთი მიზანი იყო რამენაირად მღელვარების შემოტანა. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, დედამიწაზე არ არის არცერთი ქვეყანა, რომელიც ჩვენნაირ პირობებში გამოიჩენდა იმავე სოლიდარობას, რაც ჩვენ გამოვიჩინეთ. თუ შევხედავთ საქართველოს მდგომარეობას, ჩვენ ვართ ქვეყანა, განსხვავებით ყველა სხვა ქვეყნისგან, რომელიც არის უკრაინის მხარდამჭერ ალიანსში. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, მოლდოვასთან ერთად, რომელსაც არ იცავს ნატო-ს ქოლგა, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არ იცავს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სამი ომი გამოიარა რუსეთთან. ჩახედეთ იმ ალიანსის ქვეყნებს და თქვით, რომელს აქვს გამოვლილი ომი რუსეთთან. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზე დღესაც იმყოფება რუსული არმია. ამ პირობებში ის სოლიდარობა, რომელსაც საქართველო უცხადებს უკრაინას პოლიტიკური თუ სხვა მხრივ, ეს არის ისეთი სოლიდარობა, რომელსაც სხვები არ გამოიჩენდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ყველა გადაწყვეტილების მიღებისას ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობს.
„ერთი წელი გადის უკვე და ჩვენ შეგვიძლია, შევხედოთ, როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები, მათ შორის, იმ ალიანსში, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას. არის სამი კრიტერიუმი, პირველი – ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა ჯერ უყურებდა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას. მთავარი ამოცანა იყო, არ დაეშვათ, რომ საკუთარი ქვეყანა ჩართულიყო პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან; მეორე ინტერესი იყო საკუთარი მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესი, ისეთი გადაწყვეტილებები და ქმედებები არ ყოფილიყო, რომ კრიზისის დონემდე დაეზიანებინათ საკუთარი მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესი; მესამე იყო სოლიდარობა უკრაინის მიმართ. სწორედ ასე მიიღებოდა ნებისმიერი გადაწყვეტილება. ამ თანმიმდევრობით და ამ პრიორიტეტებით. გახსოვთ, თუნდაც სამხედრო დახმარების კუთხით პირველი გადაწყვეტილებები, რომელიც სუსტი იყო, უკრაინა ითხოვდა სულ სხვა რამეს და იქამდე ვერ მიდიოდნენ მაშინ უკრაინის მხარდამჭერი ალიანსის წევრები, ვინაიდან ხედავდნენ სწორედ იმ წითელ ხაზს, რომ იმის იქით შეიძლებოდა, ყოფილიყო პირდაპირი ომი რუსეთთან. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას არ იღებდნენ. დღემდე ვხედავთ, რომ სანქციების ტალღების მიღების დროს სჭირდება დიდი მოლაპარაკება, რადგან ცდილობენ, არ დააზიანონ უფრო მეტად საკუთარი ქვეყანა, ვიდრე რუსეთი. ზუსტად ამ კრიტერიუმებით იღებდა საქართველო ყოველ გადაწყვეტილებას. პირველი გახლავთ ქვეყნის უსაფრთხოება, მეორე არის ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება და მესამე არის სოლიდარობა უკრაინასთან. შესაბამისად, ჩვენ ყველგან, სადაც ვფიქრობდით, რომ არ გადავიდოდით წითელ ხაზს, სადაც ქვეყნის უსაფრთხოებას ჩავაგდებდით საფრთხეში ან ქვეყანას გამოუსწორებელ ეკონომიკურ კატასტროფაში გადავიყვანდით, ყველა იმ გადაწყვეტილებას ვიღებდით. ამ ალიანსში იყვნენ ქვეყნები, რომლებმაც, მაგალითად, ჰააგაში მიმართვას მხარი არ დაუჭირეს, ხელი არ მოაწერეს, იყვნენ ქვეყნები, რომლებიც გაერო-ს რეზოლუციის თანასპონსორები კი არ იყვნენ, უბრალოდ, კენჭისყრის დროს თანხმობას მიაჭირეს თითი და საქართველომ აქ არსად დაიხია უკან, არსად არ აუკანკალდა ხელი, რომ მხარი დაეჭირა უკრაინისთვის. ეს სოლიდარობა აჩვენა საქართველომ ბოლომდე და დედამიწის ზურგზე არავის წინაშე საქართველოს არაფერი არც გასამართლებელი აქვს და არც დასამტკიცებელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.