შალვა პაპუაშვილი - ჩვენ უნდა შევხედოთ არა აღქმებს, არამედ ქართული მართლმსაჯულების შედეგებს, სასამართლო სისტემა ფასდება მისი გადაწყვეტილებებით
ადვილია ადამიანის დისკრედიტება თანამედროვე მედიაინსტრუმენტებით. ჩვენ უნდა შევხედოთ არა აღქმებს, არამედ ქართული მართლმსაჯულების შედეგებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა ვრცლად ისაუბრა, 2012 წლის შემდეგ რა ნაბიჯები გადაიდგა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სასამართლო სისტემაში.
„2012 წლამდე არსებობდა რეჟიმი, რომელიც დაფუძნებული იყო ტოტალიტარიზმზე, ზოგადად, უკანონო სისტემა იყო. 2012 წლის შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, საუბარი იყო, რა უნდა მოხდეს, უნდა იყოს თუ არა გარდამავალი მართლმსაჯულება, მაგალითად, როცა ყველას გაატარებ გარკვეულ ფილტრში. ყველაში იგულისხმება პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, საჯარო მოხელეები – მთელ საჯარო სისტემას გაატარებ გარკვეულ ფილტრში და მოაწყობ ერთ დიდ სასამართლოს, რომელიც შეიძლება, წლები გაგრძელდეს. ასე ვთქვათ, დაახარისხებ ადამიანებს, ვინ იყო და ვინ არა სისტემის ნაწილი, დამნაშავე, არადამნაშავე. მაშინდელ პარლამენტს თუ გაიხსენებთ, ამაზე სხვადასხვა იდეა იყო. მახსოვს ეს, როგორც მაშინ ექსპერტს, რომელიც ამ სფეროში ვმოღვაწეობდი.
მაშინ საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის იმათი, სადაც მე ვიყავი, როგორც ექსპერტი, რეკომენდაცია იყო, რომ ეს რევოლუციური ძვრები – გაყარე და ახლები მოიყვანე, აღარ გინდათ. ეს მოხდა 2003 წელს სასამართლო სისტემასა და სხვა სისტემაში. ყველა პარტნიორის რეკომენდაცია, მათ შორის არასამთავრობო სექტორის რეკომენდაცია იყო, რომ გამოიძიეთ, სადაც გაქვთ მტკიცებულებები, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, მთავარი დამნაშავეები, ვინც სისტემა შექმნა ჩაგვრის, მორჩილების. საბოლოო ჯამში, იქაც ზოგიერთი მფარველობის ქვეშ მოექცა და ვნახეთ, მიხეილ სააკაშვილი ბოლო პერიოდამდე თავისუფლად დადიოდა სხვადასხვა ქვეყანაში; რაც შეეხება სისტემას, მოარღვიეთ სისტემა, რომელიც დამყარებულია ამ ტოტალიტარიზმზე და მიეცით შესაძლებლობა, ეს სისტემა ასე არ არსებობდეს. ეს გააკეთა მაშინ „ქართულმა ოცნებამ“.
სამოქალაქო მშვიდობისთვის რას ვშვრებით? ვყოფთ საზოგადოებას ყოფილებად და ახლებად? ვყოფთ საჯარო სივრცეს და საჯარო მოსამსახურეებს ყოფილებად და ახლებად? რაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ჩარეცხა მთელი წინა თაობა და მოიყვანა, ასე ვთქვათ, ახალი ელიტა. სწორედ ეს იყო ყველას რეკომენდაცია, ნუ გაიმეორებთ ამ შეცდომას, სისტემა გამოასწორეთ.
ყველამ მოიკრიბა ძალა და გადაერთო სისტემის გაუმჯობესებაზე. გავიდა 10 წელი, ახლა რა გვაქვს შედეგი. გადახედეთ ქართულ მართლმსაჯულებას, სად არის პრობლემა სასამართლო გადაწყვეტილებებში? ეს უნდა ითქვას. ფოკუსირება იმიტომ ხდება სახელებზე, რომ გამორჩეული ადამიანის დისკრედიტაცია ადვილია. როდესაც იყო კრიტიკული პროცესები, სადაც პოლიტიკური ლიდერები იყვნენ და ჩნდებოდა მოსამართლე, რომელიც მანამდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო, როგორ წამიერად ხდება შემდეგ ამ მოსამართლის დისკრედიტების მცდელობაც, იმ წამსვე რაღაც კავშირების გამონახვა და შექმნა. ადვილია ადამიანის დისკრედიტება თანამედროვე მედიაინსტრუმენტებით. ჩვენ უნდა შევხედოთ არა აღქმებს, არამედ ქართული მართლმსაჯულების შედეგებს. პირველი, მეორე, მესამე ინსტანციის გადაწყვეტილებებს. მახსოვს „რუსთავი 2“-ის საქმეზე რა პანიკა იყო ატეხილი. ალბათ სამივე ინსტანციაში სულ 15-მდე მოსამართლე იყო ჩართული. ყველა მოსამართლის დისკრედიტება მოხდა. ხან ოჯახს უწუნებდნენ, ხან ძმას, ხან რა იყო, ხან – რა. „რუსთავი 2“-ის სასამართლო როცა დასრულდა უზენაეს სასამართლოში, მაშინ იყო განცხადებები, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების, რომლებიც აკრიტიკებდნენ ამ გადაწყვეტილებას. რა აღმოჩნდა სინამდვილეში? სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ყველაფერი იყო სწორი. სასამართლო სისტემა ფასდება მისი შედეგებით, გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.