შალვა პაპუაშვილი - ჩვენ შევძლებთ, ქართული დროშა ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის ქვეყნების დროშების გვერდით აფრიალდეს
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ შევძლებთ, ქართული დროშა ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის ქვეყნების დროშების გვერდით აფრიალდეს

ქართულმა დროშამ თავისი ბუნებრივი ადგილი უნდა დაიკავოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დროშების გვერდით და დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ, ეს დროშა, ისევე, როგორც აფრიალდა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დროშის გვერდით, ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის ქვეყნების დროშების გვერდით აფრიალდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დროშის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა გამოფენის სტუმრებს ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლოს – სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა და ქართული სახელმწიფო დროშის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო დროშა მისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით განახორციელებს იდეას და მიზანს, რომ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრი ქვეყნების დროშების გვერდით ფრიალებდეს.

„მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება საქართველოში და გვაქვს განცდა ამ სიამაყისა, რაც ნიშნავს საკუთარი დროშით სიამაყეს. დროშა – ეს არის განსახიერება სახელმწიფოებრიობის, იმ ტრადიციების, რომელსაც ეფუძნება კონკრეტული სახელმწიფო და ჩვენი ქართული სახელმწიფო დროშა არის სწორედ ამ სიმბოლოს მატარებელი. ის აჩვენებს ერთი მხრივ ჩვენს ისტორიულ-კულტურულ კუთვნილებას დასავლური ცივილიზაციის მიმართ, აჩვენებს ჩვენს მისწრაფებებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ღონისძიების ორგანიზებისთვის და საინტერესო გამოფენისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების სტუმრებს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა გონგაძემ და აღნიშნა, რომ დროშა, როგორც ეროვნული ერთიანობის სიმბოლო, გამოსახავს, რომ საქართველო კვლავ უნდა გახდეს ევროპული ცივილიზაციის შემადგენელი ორგანული ნაწილი.

„ეს დროშა არის ყველა მოქალაქის დროშა, ეროვნული ერთიანობის სიმბოლო და გარდა იმისა, რომ აქვს უდიდესი ისტორიული წარსული, ის გახლავთ ქრისტიანული და ევროპული ცივილიზაციის მაიდენტიფიცირებელი სიმბოლო. როგორც შუასაუკუნეებში საქართველო იყო ამ ცივილიზაციის ნაწილი, დღესაც ჩვენი დროშა გამოსახავს, რომ საქართველო კვლავ გახდეს ევროპული ცივილიზაციის შემადგენელი ორგანული ნაწილი“, – განაცხადა მამუკა გონგაძემ.

მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ მოწყობილ გამოფენაზე დაეთვალიერებინათ მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმიდან და ბიბლიოთეკიდან მოპოვებული პორტოლანები (საზღვაო რუკები), რომლებზეც საქართველო ისტორიული ხუთჯვრიანი დროშითაა გამოსახული.