შალვა პაპუაშვილი - ჩვენ მოვისმინეთ ძალიან თამამი გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ჩვენს პრეზიდენტს არ უჭირს, სამწუხაროდ, ადრე ჩვენმა ოპონენტებმა სათანადოდ ვერ დააფასეს მისი ნაბიჯი
დღეს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან თამამი გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც შესაბამის დროს ჩვენს პრეზიდენტს არ უჭირს ხოლმე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ოპონენტებმა სათანადოდ ვერ დააფასეს ნაბიჯი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ადრე, ორი მსჯავრდებულის შეწყალებით გადადგა.
პაპუაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ სწორად გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ ზოგადად საქართველოს წინაშე.
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან თამამი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს არ უჭირს ხოლმე რომ შესაბამის დროს მიიღოს. ჩვენ გვქონდა მსგავსი სიტუაცია, როდესაც მან ორი მსჯავრდებული შეიწყალა, მაშინაც მოტივაცია იყო იგივე, რომ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა დაწეულიყო და ჩვენი ოპონენტები გადასულიყვნენ არა კონფრონტაციის, არამედ თანამშრომლობის ეტაპზე. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ მაშინ, ჩვენმა ოპონენტებმა სათანადოდ ვერ დააფასეს ეს ნაბიჯი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გადადგა. დღეს ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტისგან მზაობა, რომ ასეთი თამამი ნაბიჯი გადადგას, მან კარგად ახსნა, თუ რამდენად მძიმე იქნება მისთვის ეს გადაწყეტილება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ სწორად გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ამ მომენტში, არამედ ზოგადად საქართველოს წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, გიორგი რურუას საკითხი ვერ იქნებოდა პარტიებს შორის პოლიტიკური შეთანხების თემა.
„ეს გახლავთ კრიმინალური საქმე, ის იარაღის უკანონო ტარებისთვის არის მსჯავრდებული, მისი ბრალი დამტკიცებულია სასამართლოს მიერ, აქედან გამომდინარე, ის ვერ იქნებოდა რამენაირად მიბმული პოლიტიკურ პროცესს. ერთადერთი ისტრუმენტი, რაც აქ არსებობდა, არის შესაძლო შეწყალების ინსტიტუტი, რომელიც პრეზიდენტს აქვს, როგორც დისკრეციული ინსტრუმენტი, შეუძლია, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი პირის მიმართ გამოიყენოს. აქ ოპონენტების პასუხისმგებლობა არის იმაში, რომ მათ პასუხისმგებლობა გამოიჩინონ ქვეყნის და სახელმწიფო ინსტიტუტების წინაშე, თუ სურთ, რომ შეწყალება განხორციელდეს, მიმართონ პრეზიდნტს ამ თხოვნით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მედიატორები გამოაცხადებენ, რომ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა.