შალვა პაპუაშვილი - „ჯორჯია“ კი გვქვია ინგლისურად, მაგრამ არ ვართ აშშ-ის შტატი ჯორჯია, ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და შიდა საქმეებში გარედან ვერავინ ჩაერევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეების სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-ის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებებს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და ამერიკულმა მხარემ სანქცირების ვერცერთ შემთხვევაში ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ქვეყნის შიდა საქმეებში გარედან ვერავინ ჩაერევა.
„რაც შეეხება ჩვენს პოლიციელებს, ბრალდებები, რომლებიც მოვისმინეთ, არის უსაფუძვლო. ვერავინ ნახა მათ წინააღმდეგ წამოყენებული პრეტენზიების ვერცერთი მტკიცებულება. მათ არ მიეცათ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მათ არ მიეცათ დაცვის უფლება. რაიმე ფაქტი ან პრეტენზია თუ აქვს აშშ-ს, გასაჯაროებული არ იქნა. ამიტომ ეს იყო ტიპური, დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. რაც შეეხება გადაწყვეტილებებს აშშ-ში, ჩვენ ინგლისურად კი გვქვია „ჯორჯია“, მაგრამ არ ვართ აშშ-ის შტატი ჯორჯია, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, საქართველო, ჩვენი კონსტიტუციით, ჩვენი კანონმდებლობით და საქართველოში მოქმედებს საქართველოს იურისდიქცია. გარედან ვერავინ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში მართლმსაჯულების მხრივ. თუ აქვთ რაიმე პრეტენზია, მტკიცებულება საქართველოს რომელიმე მოქალაქესთან დაკავშირებით, ეს უნდა წარმოადგინონ. გახსოვთ ადრე მოსამართლეებთან დაკავშირებით, ასევე ახლა, ყოველ ჯერზე ვეუბნებით, წარმოგვიდგინეთ მტკიცებულებები. ფაქტია, რომ ამ მტკიცებულებების წარმოდგენა არ შეუძლიათ. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად თვითნებური და დაუსაბუთებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.