შალვა პაპუაშვილი - ჩინეთს ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში არაერთხელ დაუფიქსირებია და ყოველ ჯერზე აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობის პატივისცემას
შალვა პაპუაშვილი - ჩინეთს ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში არაერთხელ დაუფიქსირებია და ყოველ ჯერზე აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობის პატივისცემას

ჩინეთს ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში არაერთხელ დაუფიქსირებია და ყოველ ჯერზე აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობის პატივისცემას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, ჩინეთმა რატომ არ დაუჭირა მხარი გაერო-ს რეზოლუციას.

„გაერო-ს რეზოლუცია კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი დიპლომატიის წარმატებას როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით, ისე საპარლამენტო დიპლომატიის ხაზით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიური იყო. ამ ჯერზე 103 მხარდამჭერი ჰყავს რეზოლუციას, შარშან 100-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი და ახალი რეკორდი არის მხარდამჭერებისა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი დიპლომატიური სამსახურის წარმატებულ საქმიანობას და, ზოგადად, ჩვენი სახელმწიფოს სწორ პოლიტიკას ამ მიმართულებით.

რაც შეეხება ჩინეთის პოზიციას, როდესაც მან თავი შეიკავა, ჩინეთთან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არაერთხელ ვუფიქსირებთ ერთმანეთს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობას, ამის მნიშვნელობას. ამ მხრივ, მჭიდრო შეთანხმებული პოზიციები გვაქვს. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში პოზიციებს, ორივე ქვეყანა, როგორც ჩინეთი, ისე საქართველო ცალკეულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საკუთარი დღის წესრიგიდან გამომდინარე აყალიბებს პოზიციებს. ჩინეთი ინარჩუნებს პოზიციას, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა, რომ თავს იკავებს ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც რამდენიმე სხვა ჩვენი მრავალწლიანი მეგობარი, პარტნიორი ქვეყანა. ეს ამ ვითარებაში ჩვენთვის მხარდაჭერის ტოლფასია. რამდენიმე ჩვენი მრავალი წლის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა აფიქსირებს ხოლმე თავშეკავების პოზიციას, რაც განპირობებულია იმით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში როგორც მათ, ისევე საქართველოს საკუთარი დღის წესრიგიდან გამომდინარე სპეციფიკური მიდგომები, გადაწყვეტილებები აქვთ. ამ შემთხვევაში ჩვენთვის თავის შეკავება მხარდაჭერის ტოლფასია.

ჩინეთს, როგორც ორმხრივი განცხადებების ფორმატში, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არაერთხელ დაუფიქსირებია და ყოველ ჯერზე აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობის პატივისცემას. ეს არის მათი ამოსავალი წერტილი არა მხოლოდ საქართველოს მიმართ. სხვათა შორის, მათ შორის, იქიდან გამომდინარე, თავად ჩინეთი როგორ უყურებს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ აქ რაღაც კითხვის ნიშნებს რომ სვამთ, ესე იგი, ვერ ერკვევით, როგორია ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, გაერო-ს რეზოლუციაზე მხარდამჭერი ქვეყნების გაზრდა საქართველოს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია.

„რაც შეეხება, ზოგადად, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებს, მხარდაჭერის გაზრდასთან დაკავშირებით ჩვენი სტრატეგია, ტაქტიკა გვაქვს, რომელსაც მივყვებით ხოლმე. სწორედ ეს აჩვენებს ჩვენი დიპლომატიური კორპუსის  წარმატებას – წლიდან წლამდე იზრდება ამ რეზოლუციის მხარდაჭერა სწორედ იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც რუტინულად ვაწარმოებთ მეგობარ ქვეყნებთან. წელსაც დაემატა ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ რეზოლუციას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.