შალვა პაპუაშვილი - ჩემმა კაბინეტმა უკვე მიმართა ვენეციის კომისიას, გავერკვევით, რა პროცესშია დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი და აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ
შალვა პაპუაშვილი - ჩემმა კაბინეტმა უკვე მიმართა ვენეციის კომისიას, გავერკვევით, რა პროცესშია დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი და აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ

გავერკვევით, რა პროცესშია ვენეციის კომისიაში დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი და აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა ამასთან დაკავშირებით უკვე მიმართა ვენეციის კომისიას.

„სიმართლე გითხრათ, ჩვენ გვაქვს კომუნკაცია ევროკავშირთან 12 პუნქტთან დაკავშირებით და ამაზე რაიმე სახის ინფორმაცია ევროკავშირისგან არ გვქონია. სიახლეა ის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით. ჩემმა კაბინეტმა უკვე მიმართა ვენეციის კომისიას, რომ გავერკვეთ, რა პროცესშია ახლა უკრაინული კანონი. ვიცით, რომ კომისიის ვებგვერდზეც არის განთავსებული ეს კანონი და დასკვნის მოლოდინშია. ამიტომ გავარკვევთ, რა მდგომარეობაა და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. ზოგადად, ცხადია, რომ ჩვენი კანონი არის უკრაინულის ასლი, ამიტომ ვენეციის კომისიისგან რაიმე დამატებითი აზრის მოსმენის საჭიროება არ იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი უკან გამოიწვია და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება.