შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატისა და დეპუტატთა პალატის ევროკავშირისა და ევროპულ საკითხთა კომიტეტების წევრებს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დელეგაციებთან რეგულარული შეხვედრების მნიშვნელობას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჩეხურ დელეგაციასთან ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება შეფასებული და ევროპული საბჭო საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს.

ვლადისლავ ვილიმეჩმა, ჩეხეთის სენატის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აღნიშნა, რომ ჩეხეთის პარლამენტის სახით საქართველოს დიდი მხარდამჭერი ჰყავს.

მისი თქმით, ევროკავშირის ღირებულებებთან დაახლოება მუდმივ მუშაობას საჭიროებს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგაც, თუმცა, ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ევროკავშირი მოქნილი უნდა იყოს 12 რეკომენდაციის განხორციელების შეფასების დროს. მან გამოხატა მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რაც ვიშეგრადის ოთხეულის ფარგლებშიც ჟღერდება.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.