შალვა პაპუაშვილი - ცესკო-ს წევრი გიორგი სიორიძე ვერ იღებდა ხმას ეთერში, რადგან იცის, რა სისტემით ჩატარდა არჩევნები, ცესკო-ში ხომ იყო ოპოზიცია ჩართული, შეარჩიეს ქაღალდიც, ფლომასტერიც და კონვერტიც
შალვა პაპუაშვილი - ცესკო-ს წევრი გიორგი სიორიძე ვერ იღებდა ხმას ეთერში, რადგან იცის, რა სისტემით ჩატარდა არჩევნები, ცესკო-ში ხომ იყო ოპოზიცია ჩართული, შეარჩიეს ქაღალდიც, ფლომასტერიც და კონვერტიც

გავიგე, რომ რაღაც ტყუილი შეიძლება თქვა, მაგრამ ჩვენ, ყველანი ვიყავით არჩევნებზე, ჩვენ არ ვიცით, როგორ მივეცით ხმა, რა იყო და იყო თუ არა ჩვენი ხმა ფარული, ჩვენ თვითონ არ ვიცით? ხომ არ შეიძლება, მართლა, ასე ნაცარი შეაყარო ხალხს თვალში? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კონვერტიდან რაც შეიძლებოდა გამოჩენილიყო, ეს იყო ზედა ნაწილზე, სატესტოდ მონიშნული წრე, რომელიც ყველა ამომრჩეველს ხმის მიცემამდე გააფერადებინეს.

ამასთან, მელნის გაჟონვაზე არაფერი იყო ნათქვამი ეუთო/ოდირის ანგარიშში, ხოლო კონვერტი, ფლომასტერი და ქაღალდი სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლების შერჩეული იყო.

„მეხუთე დღეს რომ ამას მოიფიქრებ და, მათ შორის, ქალბატონ სალომეზეც იყო საუბარი და ამაზე ცალკე ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს იქ ჩანს, ვინ მისცა ხმა. აქ იყო მონიშვნა, ზედა მხარეს რაც იყო, სატესტო არეალი წრის მონიშვნის და ის ჩანდა. სხვათა შორის, იქვე აუხსნა ქალბატონმა სალომემ, არ ჰქონია პრეტენზიები და არც არავის ჰქონდა. პირდაპირ ეთერში იყო ეს ყველაფერი. მეხუთე დღეს, „ენჯეოებმა“ ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრეს, გამოვიდნენ და თქვეს: მორჩა, მთლიანად უნდა გაუქმდეს, რადგან მელანმა გაჟონაო. აი, ეს არის მათი მთავარი საკითხი. ერთი – ამ საკითხზე არაფერი აქვს ნათქვამი ეუთო/ოდირს თავის დასკვნაში, თავისი 350 დამკვირვებლებით. ამ სისტემასაც ძალიან კარგად იცნობენ, სისტემა ზეპირად იცის ცესკო-მ. იმიტომ იყო, ცესკო-ს წევრი ბატონი სიორიძე, რომელიც ერთ-ერთ ეთერში ვნახე, ხმას ვერ იღებდა ამაზე. ზუსტად იცის, რა სისტემით ჩატარდა, ხომ? ისინი, ოპოზიციის წარმომადგენლები ხომ იყვნენ ცესკო-ში ჩართული – ქაღალდიც მათ შეარჩიეს, ფლომასტერიც და კონვერტიც. ახლა, მოგვდგნენ ქართველ ხალხს და გვეუბნებიან, არა, თქვენი არჩევნები არ ითვლება, ერთი 100 მილიონი კიდევ უნდა დავხარჯოთ და ახალი არჩევნები ჩავატაროთო. ხედავენ, მათი წარმოდგენის ხალხმა ვერ გაიმარჯვა და ახლა ცდილობენ, ხავსს მოეჭიდონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.