შალვა პაპუაშვილი - ცდილობენ, ამომრჩევლის მობილიზება წარმოაჩინონ ზეწოლად, სინამდვილეში ეს დარღვევა არ არის, ამას ჰქვია მუშაობა საკუთარ ამომრჩეველთან
არჩევნები, რომელსაც რეფერენდუმის წონა ჰქონდა და, მათ შორის, გადამწყვეტი არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ომსა და მშვიდობას შორის არჩევნები იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეს საკითხის ისე წარმოჩენა ხდება, თითქოს ამომრჩეველზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რეალურად კი, არჩევნებზე ამომრჩევლის მობილიზება კანონდარღვევა არ არის.
„როცა ამბობენ, რომ არჩევნები უნდა იყოს დემოკრატიის დღესასწაული, დღესასწაული იმას გულისხმობს, რომ ყველა გარეთ არის და ყველა რაღაცნაირად უნდა იყოს მონაწილე. აქ არაკანონიერი არაფერი არ არის. ახლა ცდილობენ, რომ ამომრჩევლის მობილიზება წარმოაჩინონ, თითქოს ეს არის ზეწოლა ან ზემოქმედება, რაც არის ტყუილი და აბსოლუტურად მიუღებელი. ეს არის აპრობირებული მეთოდი ყველგან. სხვათა შორის, თავის დროზე IRI-ს აქვს „ქართული ოცნებისთვის“ ჩატარებული ტრენინგები, სადაც IRI ასწავლიდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, როგორ აწარმოონ კარდაკარი, რომ უნდა ჩატარდეს შვიდი კარდაკარი, როგორ უნდა აღრიცხონ საკუთარი ამომრჩეველი და როგორ უნდა დაამობილიზონ ისინი არჩევნების დღეს, დარეკვით თუ მოკითხვით, რომ მივიდნენ არჩევნებზე. ამას აკეთებენ აშშ-ში. აი, ახლა იქნება არჩევნები და ვნახავთ ყველა, როგორ ხდება მობილიზება საკუთარი ამომრჩევლის. ეს არის ამომრჩეველთან მუშაობა და არა სხვა რამე.
სხვათა შორის, წინა დღეს „სირცხვილიამ,“ მართლაც რომ „სირცხვილია ორგანიზაციამ“ განაცხადა, რომ ის უზრუნველყოფს ავტობუსებით გადაყვანას ამომრჩევლების, რეგიონში წაყვანას და იქ მიყვანას. ამას აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც არანაირი უფლებამოსილება არ აქვს ამომრჩევლების მობილიზების. მას საკუთარი ამომრჩეველი არ ჰყავს, ანუ გამოდის, რომ მას აქვს საარჩევნო მიზანი უკვე, და მეორე, ამას აკეთებს უცხოური ფულით. იცით, რომ „სირცხვილია“ ევროკავშირის ფულით ფინანსდება. ევროკავშირის ბიუჯეტიდან ჩვენთან თურმე ფინანსდებოდა ის, რასაც მერე ზოგიერთი ეძახის დარღვევას, ამომრჩევლის მობილიზებას, რაც სინამდვილეში არაფერი დარღვევა არ არის, პირიქით, ამას ჩვენ და ყველა პარტია ყოველ არჩევნებზე აკეთებს, რადგან ამას ჰქვია პარტიული მუშაობა და საკუთარ ამომრჩეველთან მუშაობა. დიახ, ჩვენ ვიცნობთ ჩვენს ამომრჩეველს და ვეკონტაქტებით ჩვენს ამომრჩეველს, რათა ასახული იყოს ყოველთვის ჩვენი ამომრჩევლის წუხილები თუ სურვილები ჩვენს პოლიტიკაში და შემდეგ უკვე, ოთხი წლის თავზე მათი ხმა მივიღოთ. ასე რომ, ესეც არის ტყუილი და ამ დეზინფორმაციის გავრცელებაც არის მიუღებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.