შალვა პაპუაშვილი - ბუნდესტაგში იგრძნობოდა სულისკვეთება, რაც ჩვენმა მოსახლეობამ მოისმინა ოლაფ შოლცისგან, ევროპა უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე
ბუნდესტაგში შეხვედრებზე იგრძნობოდა ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოისმინა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მხრიდან – ევროპა უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ბუნდესტაგის ყველა ფრაქციაში არის იგივე დამოკიდებულება, რომ საქართველო ევროპის ნაწილია.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს მუშაობა 12 რეკომენდაციაზე.
„დღეს ჩვენს დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, ბერბელ ბასთან, ასევე ევროპის საკითხთა, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან. ყველა ამ შეხვედრაზე იგრძნობოდა მთავარი სულისკვეთება, ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოისმინა სულ ცოტა ხნის წინ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მხრიდან, როდესაც მან თქვა, რომ ევროპა უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე. ზუსტად ეს განწყობა აქვს ბუნდესტაგის ყველა წარმომადგენელს, მათ შორის ყველა ფრაქციაში იგივე დამოკიდებულებაა, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, ამიტომ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში არის ის გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად აღსრულდება. ამ მხრივ, გვქონდა საუბარი, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მტკიცე მომავალ წელს, როდესაც საქმე შეეხება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან საქართველო აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რაც შეეხება ტექნიკურ პარამეტრებს და სხვადასხვა კრიტერიუმს, რომელიც საჭიროა სტატუსისთვის. გვაქვს კიდევ 12 რეკომენდაცია, რომელზეც მიდის მუშაობა. ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება მალე დასრულდეს მუშაობა, რომ შემდეგ უკვე გვქონდეს მოლოდინი, ევროკავშირმა შეაფასოს ჩვენი სამუშაო და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომელიც დელეგაციასთან ერთად გერმანიის დედაქალაქში იმყოფება.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე.