შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელში ჩვენი გზავნილია, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის, ახლა მთავარი გადაწყვეტილებები პარტნიორების მხარესაა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს.
მისივე თქმით, ბრიუსელში გზავნილია, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის და ახლა მთავარი გადაწყვეტილებები პარტნიორებმა უნდა მიიღონ.
„ზოგადად, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევის დროს პირველი ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამიტომაც მნიშვნელოვანია სწორი არჩევანი, სად იქნება პირველი ვიზიტი. სწორედ ეს იყო არჩევანი, პირველი ვიზიტი ყოფილიყო სიგნალი, რა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი. იცით, რომ ირაკლი კობახიძეს ექნება უმაღლესი დონის შეხვედრები ბრიუსელში, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ს წარმომადგენლობაში. ყველა ხელმძღვანელ პირს შეხვდება და ჩვენი გზავნილია, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა მოხდეს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში. ახლა მთავარი გადაწყვეტილებები არის ჩვენი პარტნიორების მხარეს, ევროკავშირი იქნება ეს თუ ნატო. იმედი გვაქვს, რომ ისინი ისეთივე გაბედული იქნებიან, როგორც საქართველო არის გაბედული, უკვე ათწლეულებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში 19 თებერვალს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატო-ში. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ამასთან, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.