შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელიდან გვეუბნებიან, თქვენი კონტექსტი ვიცით, ჩაატარეთ „ვეტინგიო“, აღმოჩნდა, კონტექსტი კი არა, ისიც არ იცოდნენ, მაგიდასთან სისხლის სამართლის დამნაშავე ადეიშვილი რომ ჰყავდათ
ბრიუსელის კაბინეტებიდან, სადაც ზურაბ ადეიშვილს ხვდებოდნენ, გვეუბნებიან ხოლმე, ქართველებო, მართალია, ეს ევროკავშირში გავრცელებული პრაქტიკა არ არის, მაგრამ თქვენი კონტექსტი ვიცით და ჩაატარეთ „ვეტინგიო“, და რა აღმოჩნდა? კონტექსტი კი არა, ისიც კი არ იცოდნენ, რომ მაგიდის გადასწვრივ სისხლის სამართლის დამნაშავე ზურაბ ადეიშვილი ეჯდათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმედგამაცრუებელია, როცა კონფერენციაზე, რომლის თანაორგანიზატორი ევროპული კომისია იყო, სტუმრის რანგში სისხლის სამართლის დამნაშავე ვნახეთ.
„ჩვენთვის მთავარი მიზანია, ზურაბ ადეიშვილი დააკავონ და საქართველოს გადმოსცენ. ნახეთ, რომ ჰააგაში, რომელიც მართლმსაჯულების ერთ-ერთი დედაქალაქია, ზურაბ ადეიშვილი, წამების სისტემის შემქმნელი ცინიკურად, თავისუფლად გადაადგილდება. გენერალურმა პროკურატურამ ნიდერლანდების სამეფოს მიმართა, რათა დაეკავებინათ და გადმოეცათ. როგორც ვხვდები, ეს არ მოხდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა შესაძლებლობა მექნება, ნიდერლანდების ელჩს შევხვდე, ვიკითხავ, რა პროცედურებია ჰოლანდიაში ამ თვალსაზრისით. ზოგადად, რა თქმა უნდა, იმედგამაცრუებელია, როცა კონფერენციაზე, რომლის თანაორგანიზატორი იყო ევროპული კომისია, სტუმრის რანგში სისხლის სამართლის დამნაშავე ვნახეთ. კრიმინალის გვერდით ევროკავშირის სხვადასხვა მაღალჩინოსანი იჯდა, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, რომელსაც ევროკავშირთან ვიზიარებთ. ზურაბ ადეიშვილი როცა ბრიუსელის დერეფნებში ვნახეთ და ელჩებიც იყვნენ დაბარაბულები განმარტებებისთვის, მაშინ მოვისმინეთ, რომ ეს იყო უკრაინის დელეგაცია და ყურადღება არ მიაქციეს, ვინ იყო დელეგაციის წევრი, თუმცა ამის შემდეგ კონფერენცია ჩატარდა და მათ უნდა სცოდნოდათ, ვის იწვევენ. სიაში როცა კრიმინალები არიან და მართლმსაჯულებაზე მსჯელობენ, საუბრის გულწრფელობას ვერ დავიჯერებთ.
ბრიუსელის კაბინეტებიდან, სადაც ზურაბ ადეიშვილს ხვდებოდნენ, გვეუბნებიან ხოლმე, ქართველებო, კვალიფიციური უმრავლესობა შემოიღეთ. მართალია, ეს ევროკავშირში გავრცელებული პრაქტიკა არ არის, მაგრამ თქვენი კონტექსტი ვიცით და შემოიღეთ, ჩაატარეთ „ვეტინგიო“. ევროკავშირში არცერთი ქვეყანა არც კი იფიქრებს, რომ უცხოელებს დაანიშნინოს საკუთარი მოსამართლეები, მაგრამ თქვენი კონტექსტი ვიცით და ამიტომ „ვეტინგი“ გააკეთეთო. უცხოელებმა ჩვენი კონტექსტი კარგად იციან და რა აღმოჩნდა? კონტექსტი კი არა, ისიც კი არ იცოდნენ, რომ მაგიდის გადასწვრივ სისხლის სამართლის დამნაშავე ზურაბ ადეიშვილი ეჯდათ. თან როგორი დამნაშავე? თუ მართლმსაჯულებაზე საუბრობთ, ეს ადამიანია მაგალითი იმის, როგორ შექმნა წამების სისტემა, რომელიც დამყარებული იყო წამებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ისიც არ იციან, ზურაბ ადეიშვილი ვინ არის და რა კავშირშია ის ადამიანის უფლებებთან? იმ ფოტოებზე იყვნენ სხვა ადამიანები, ევროპელები და უნდოდათ, მათთვის უხერხულობა არ შეექმნათ. როგორც ჩანს, ჩვენი პროტესტი მისწვდათ იმ ქვეყნებში. ფოტოებს რომ დააკვირდნენ, მიხვდნენ, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის იუსტიციის მინისტრი ხარ, სირცხვილია, როდესაც კრიმინალი გიზის წინ. ეტყობა, უნდოდათ, ეს უხერხულობა მოეხსნათ. თუ თავად გრძნობენ უხერხულობას, ეს უხერხულობა არა ფოტოების ჩამოჭრით უნდა მოიხსნან, არამედ ადეიშვილის დაკავებით და ჩვენთვის გადმოცემით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.