შალვა პაპუაშვილი - ბრალდებებით, რომლებსაც მტკიცებულებები არ მოჰყვება, ზიანი ადგება დახმარებას, რომელსაც წლებია, აშშ უწევს საქართველოს და ქართულ მართლმსაჯულებას
შალვა პაპუაშვილი - ბრალდებებით, რომლებსაც მტკიცებულებები არ მოჰყვება, ზიანი ადგება დახმარებას, რომელსაც წლებია, აშშ უწევს საქართველოს და ქართულ მართლმსაჯულებას

ასეთი ქცევები რეპუტაციულ ზიანს აყენებს დახმარების კეთილსინდისიერებას, რაც საქართველოს გაეწევა, როდესაც ხდება მოსამართლესთან გარჩევა იმ გადაწყვეტილების, რომელიც მან მიიღო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ეს აკრძალულია ქართული კანონმდებლობით და, სხვათა შორის, ყველა ქვეყნის კანონმდებლობით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ინტერესი უნდა ჰქონდეს აშშ-ს სასამართლო სისტემაში ჩარევის, როცა 30 წელია, ის ძალიან დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს ხარჯავს მართლმსაჯულების სფეროს დამოუკიდებლობისა და გაძლიერებისთვის, რადგან თავად სანქცირებული მოსამართლეები სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას აშშ-ის საელჩოს მხრიდან სასამართლო სისტემაში ჩარევის მცდელობებს უკავშირებენ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თავად ამაზე ვერაფერს იტყვის და ამასთან დაკავშირებით იუსტიციის საბჭოს წარმომადგენლებმა უნდა ისაუბრონ.

„მე, ჩემი გადმოსახედიდან რაც მაწუხებს არის ის, რომ ასეთი ბრალდებებით, რომელსაც მტკიცებულებები არ მოჰყვება, რა თქმა უნდა, ზიანი ადგება იმ დახმარებას, რომელსაც წლებია, აშშ უწევს საქართველოს და ქართულ მართლმსაჯულებას. მაგალითად, როდესაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გამოვიდა, მაშინდელი საელჩოს მხრიდან იმავე დღეს პირდაპირ გაკრიტიკებული იყო ეს გადაწყვეტილება, როგორც გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება, შეზღუდოს მედიის თავისუფლება და ა.შ., მაგრამ რა აღმოჩნდა შემდეგ სტრასბურგის გადაწყვეტილებით? ის, რომ ყველაფერი იყო კანონის და ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისი. ამიტომ მნიშვნელოვანია წინდახედულობა ამ მხრივ, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთდაფასება. თუკი პრეტენზიები არსებობს, რაც, რა თქმა უნდა, შეიძლება, არსებობდეს, ელემენტარული სამართლებრივი და ადამიანური სტანდარტია, რომ პრეტენზიებს ვინც აყენებს, ვალდებულია, მტკიცებულებები წარმოადგინოს. ამას ჰქვია მტკიცების ტვირთი არა მხოლოდ სამართალში, არამედ პარტნიორობაშიც და ადამიანურ ურთიერთობაშიც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ აისახება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესზე და გახდება თუ არა ის ხელის შემშლელი ფაქტორი ევროპული საბჭოს მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს ხელის შემშლელი ფაქტორი არ იქნება, თუმცა ვინაიდან ვხედავთ, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური განზომილებაც აქვს, რთულია, ითქვას, რა იქნება შემდეგი გადაწყვეტილება.

„ვხედავთ სამწუხარო ფაქტებს, როდესაც ხდება ტორპედირება საქართველოს პროგრესისა ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ. ეს არის, მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუციები. მე ვერ გეტყვით, რა ფაქტორები როგორ მუშაობს საბოლოო ჯამში, თუმცა სამწუხაროა, როდესაც ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტის წევრებს, რომლებიც საქართველოს თვითგამოცხადებული მეგობრები არიან და ვხედავთ მათ დაჟინებულ საქციელს რეზოლუციებით. სამი რეზოლუცია იყო საქართველოსთან დაკავშირებით და სამივე რეზოლუციაში იყო მოყვანილი ფაქტები, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა; ეს არის რეზოლუცია, სადაც კეზერაშვილი და სააკაშვილი დადებით კონტექსტშია ნახსენები, საუბარია თითქოს კრემლთან კავშირებზე და აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე, რაც საქართველოსთან მიმართებით ვრცელდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეკითხვაზე, როგორ უნდა იქნას მიღწეული ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტის, დეპოლარიზაციის შესრულება, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პრობლემა არა პოლარიზაციაში, არამედ რადიკალიზაციაშია.

„შევხედოთ, რა ხდება მსოფლიოში. პოლარიზაცია, სამწუხაროდ, დღევანდელი პოლიტიკის ახალი ნორმაა. პრობლემა საქართველოში არის ის, რომ ჩვენ გვყავს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა ამოცანაც არის, ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მათ შორის, „ლელოს“ წარმომადგენლებმაც პირდაპირ განაცხადეს, რომ არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ პირობებში. ეს არის რადიკალური ჯგუფების პოლიტიკური ამოცანა. აქ არის მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, დეპოლარიზაცია-დერადიკალიზაციაში წვლილი უნდა შეიტანონ არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე აქტორებმაც. თავისი წვლილი რადიკალიზაციაში აქვთ არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე აქტორებსაც. იგივე რეზოლუციები, რომლებიც ევროპარლამენტმა მიიღო, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, ფაქტობრივად, ყოველდღიური მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში, ქართული პოლიტიკის კომენტატორობა და თუნდაც ის გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლეებს შეეხება, მხოლოდ აღვივებს რადიკალიზმს, საკვებს აძლევს რადიკალურ ჯგუფებს, რომ გახდნენ კიდევ უფრო მეტად რადიკალები და აქედან გამომდინარე, ეს აზიანებს ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესს ევროპასთან დაკავშირებით. ამიტომ ვამბობ, ჩარევები, რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება, არის ქართველი ერის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.