შალვა პაპუაშვილი - ბოლო რამდენიმე წელია, უსაფრთხოების რაიმე მნიშვნელოვანი რისკის რეალიზება არ მომხდარა ჩვენს ქვეყანაში, ეს არის მთლიანად ჩვენი უსაფრთხოების სისტემის, მათ შორის, სუს-ის დამსახურება
ბოლო რამდენიმე წელია, უსაფრთხოების რაიმე მნიშვნელოვანი რისკის რეალიზება არ მომხდარა ჩვენს ქვეყანაში და ეს არის მთლიანად ჩვენი უსაფრთხოების სისტემის დამსახურება, მათ შორის, სუს-ის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.
„თავისთავად, უსაფრთხოების სამსახურის საკითხია სუს-ში მიმდინარე გამოძიების დეტალები, თუმცა იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც ზოგადად შექმნილია მსოფლიოში და რეგიონში, იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რომლებიც ყოველ ჯერზე გვეუბნებიან, რომ ყველაფერი შემთხვევითი იყო, რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევითობების ჩვენ არ უნდა გვჯეროდეს. ყოველ შემთხვევაში, კრიტიკული უნდა ვიყოთ ამ შემთხვევითობების მიმართ და როგორც ჩანს, არსებობს სარწმუნო მონაცემები უსაფრთხოების სამსახურში და ამიტომ მნიშვნელოვანია ამ საქმის ბოლომდე ჩაყოლა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო რეგიონში, ფაქტობრივად, ცეცხლის რკალშია მოქცეული.
„უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშში, როდესაც პლენარულ სხდომაზე მისი განხილვა დახურულ კარს მიღმა მიდის ხოლმე, ამაზეა ხოლმე საუბარი, უფრო მეტ დეტალზე. ჩვენს რეგიონში, რომელშიც ვართ, გავიხედოთ გარშემო და დავხედოთ რუკას – საქართველო, ფაქტობრივად, ცეცხლის რკალშია მოქცეული. სადაც არ უნდა გაიხედო, ომი, კონფლიქტი, დაძაბულობა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ჩათვლით, სადაც ორ რეგიონში უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი არის განთავსებული. ამ პირობებში, ბოლო უკვე რამდენიმე წელია, რაიმე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების რისკის რეალიზება არ მომხდარა ქვეყანაში და ეს არის სწორედ მთლიანად ჩვენი უსაფრთხოების სისტემის დამსახურება, მათ შორის, სუს-ის. პრევენცია ამის, დროული რეაგირება და ის, რომ უსაფრთხოების მხრივ არცერთი რისკის რეალიზება არ მომხდარა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.