შალვა პაპუაშვილი - ბოლო პერიოდში დაიწყეს უცხოელმა აქტორებმა საუბარი, რომ შეიძლება, შენიშვნები ჰქონდეთ, ვნახოთ, რამეს თუ მოვისმენთ რეკომენდაციის სახით, მათ ეს შეუძლიათ
ხვალ იურიდიულ საქმეთა კომიტეტში იქნება მესამე მოსმენა, ეს რედაქციული ხასიათის განხილვა გახლავთ და აქ რაიმე დიდი ცვლილების მოლოდინი არ არის. რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე განხილვას, უკვე სამშაბათს იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია უკვე ცნობილია.
„სამწუხაროა, რომ ამდენი კვირის განმავლობაში უცხოელმა აქტორებმა ამჯობინეს დეზინფორმაციული კამპანიის წახალისება საქართველოში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ცხრა რეკომენდაციიდან პირველ რეკომენდაციას. პირველივე ტესტი უცხოელმა აქტორებმა ვერ ჩააბარეს და ამ კანონის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია აწარმოეს იმისთვის, რომ საზოგადოებაში განწყობები ჩამოეყალიბებინათ – არა ცოდნა ან განსჯა. ამ მხრივ უმრავლესობის პოზიცია ცნობილია. ვთქვით კიდეც. რატომღაც ბოლო პერიოდში დაიწყეს უცხოელმა აქტორებმა საუბარი იმაზე, რომ შეიძლება, შენიშვნები ან რეკომენდაციები ჰქონდეთ. ვნახოთ, აქამდე ვერაფერი მოვისმინეთ, რამეს თუ მოვისმენთ რეკომენდაციის სახით, მათ ეს შეუძლიათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.