შალვა პაპუაშვილი - ბოლო ათწლეულში საქართველო ლიდერი გახდა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, თუმცა გასულ წელს ევროკავშირმა უკან დაიხია და მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მოგვანიჭა
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გახდა სრულად თავსებადი ნატო-სთან, ამ დრომდე მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში ვართ. საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა, რუსეთის საპასუხო რეაქციის რეალური საფრთხის მიუხედავად, ნატო-სა და ევროკავშირის წევრი გამხდარიყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Civili.ge-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წერს, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, საქართველო კვლავ ელოდება ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ევროკავშირთან დაკავშირებული ისტორია უფრო მეტად წარმატებულია, რადგან „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას.
„იმის მიუხედავად, რომ საქართველო გახდა სრულად თავსებადი ნატო-სთან, დემოკრატიული ინსტიტუტები ნატო-ში გაწევრიანებისთვის საჭირო სტანდარტებზე მეტად განავითარა და კონსტიტუციაში განამტკიცა ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, 2008 წლის აპრილის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე ალიანსში საქართველოს მიღების მზაობაზე გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველო ამ დრომდე მხოლოდ მოლოდინის რეჟიმშია. ევროკავშირთან დაკავშირებული ისტორია უფრო მეტად წარმატებული იყო. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, ასევე მიაღწია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს წარმატებული დემოკრატიული ტრანსფორმაციის შედეგად, ქვეყანა გახდა გამოკვეთილი ლიდერი ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, რასაც, სხვა მაგალითებთან ერთად, ნათლად ადასტურებს ევროკომისიის 2023 წლის ანალიტიკური ანგარიში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს შესაბამისობის თაობაზე, თუმცა გასულ წელს, როცა საჭირო იყო რეალური გადაწყვეტილების მიღება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა უკან დაიხია და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სანაცვლოდ, მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მოგვანიჭა“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.