შალვა პაპუაშვილი - ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში შემოვიდნენ, დაქვითული ჰქონდათ ხელფასი, გვეხვეწნენ, ახალ წლამდე შეიკრიბა ხაზინადართა საბჭო, რომ აღგვედგინა ხელფასი, ყველამ მსუყე თანხები ჩაირიცხა
ერთი წლის წინ პირობა დადეს, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში. ბოიკოტის შემდეგ შემოვიდნენ, ხელფასები დაქვითული ჰქონდათ და გვეხვეწნენ, ახალი წლის წინ შეიკრიბა ხაზინადართა საბჭო, რათა აღგვედგინა ის დაკარგული ხელფასი, ყველამ მსუყე-მსუყე თანხები ჩაირიცხა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ისტორია ამჯერად უკვე ფარსად მეორდება“.
„ზუსტად ერთი წლის წინ იგივე ხალხი იყო შეკრებილი ტელეკომპანია „მთავრის“ სტუდიაში და დაფაზე საჯაროდ დადეს პირობა, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში, არ აღიარებდნენ პარლამენტს და ბოლოს ყველა შევიდა. მას შემდეგ, რაც ისინი ბოიკოტის შემდეგ შემოვიდნენ პარლამენტში, იცით, რომ ხელფასები ჰქონდათ დაქვითული, გვეხვეწნენ. ახალი წლის წინ შეიკრიბა ხაზინადართა საბჭო, ბიურო, რათა მათთვის აღგვედგინა ის დაკარგული ხელფასი, რომელიც ასე პატრიოტული გრძნობებით ბოიკოტში ყოფნისას ჩამოჭრილი ჰქონდათ, 2020 წლის „გაყალბებულ“ არჩევნებს რომ არ აღიარებდნენ. ყველამ მსუყე-მსუყე თანხები ჩაირიცხა საკუთარ ანგარიშზე, ზოგი დასასვენებლად წავიდა, ზოგი სად წავიდა და ზოგი – სად, შეიძლება, საახალწლო დიდი სუფრა გაშალა. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე, რომლებსაც სინამდვილეში არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ. პრობლემა მათში არ არის, ვინც ყვირის, კარვები ჩქარაო. ჩვენ კითხვები გვაქვს მათთან, ვინც ამ ხალხს მართავს ქვეყნის გარედან. მნიშვნელოვანია, ახლა დავინახოთ, სინამდვილეში რა განწყობები, რა გეგმები და რა დამოკიდებულება აქვთ ქვეყნის გარეთ მყოფებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.