შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია ბოიკოტს, ძირითადად, არდადეგებისთვის იყენებს, მნიშვნელოვანია, რეგლამენტში უფრო ცალსახად გაიწეროს საფუძველი, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა სამსახურში სიარულის გარეშე ხელფასი ვერ აიღოს
ბოიკოტი გულისხმობს განსახილველი საკითხის გამო სხდომაზე არდასწრებას, სამწუხაროდ, ოპოზიცია ამას, ძირითადად, არდადეგებისთვის იყენებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ზოგიერთი ოპოზიციური ფრაქციისა და დეპუტატის მხრიდან ბოიკოტთან დაკავშირებით პარლამენტში განაცხადი შევიდა.
„ბოიკოტი არ ნიშნავს, რომ ვინმეს ეზარება სამსახურში სიარული და ამიტომ შეუძლია, დაწეროს, რომ არ მოდის ან ვიღაც, რაღაც არ მოსწონს, ცუდ ხასიათზეა, ან პოლიტიკური მიზეზები აქვს. ბოიკოტი გულისხმობს განსახილველი საკითხის გამო სხდომაზე არდასწრებას. მათ შორის, თავისი არსით ეს უნდა გულისხმობდეს, ძირითად შემთხვევაში, პლენარული სხდომის რაღაც მონაკვეთზე არდასწრებას, როდესაც ეს საკითხი განიხილება. სამწუხაროდ, პრაქტიკა ჩამოყალიბდა, რომ ოპოზიცია ამას, ძირითადად, არდადეგებისთვის იყენებს. ჯერ ამ პრაქტიკას მივყვეთ და მომავალი მოწვევის პარლამენტში, ალბათ მნიშვნელოვანია, რეგლამენტში ეს უფრო ცალსახად იყოს გაწერილი და არ იყოს საფუძველი იმისა, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა სამსახურში სიარულის გარეშე ხელფასი აიღოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.