შალვა პაპუაშვილი - „ბიბისის“ გამოძიებით გაჩნდა ეჭვი, რომ კეზერაშვილის მიერ პოლიტიკაში, არასამთავრობო სექტორსა და მედიაში დახარჯული ფული მოპარულია ჯარისა და ევროპელი პენსიონრებისგან
„ბიბისის“ მედიაგამოძიების შედეგად გაჩნდა ეჭვი, რომ დავით კეზერაშვილი არის ევროპელი პენსიონრების თაღლითურად გაძარცვაში მონაწილე. შესაბამისად, ფინანსებში, რომელიც იხარჯება მის მიერ ქართულ პოლიტიკაში, არასამთავრობო სექტორსა და მედიაში, არის როგორც ჯარისგან მოპარული ფული, ასევე ევროპელი პენსიონრებისგან თაღლითური გზით დაუფლებული თანხები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ბიბისის“ მასალით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თაღლითური სქემა, რომელიც ქოლცენტრებით იყო აწყობილი და ევროპელი პენსიონრების გაღლეტვით იყო დაკავებული, დავით კეზერაშვილთან არის დაკავშირებული.
„კიდევ ერთხელ მტკიცდება, რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, კეზერაშვილს იფარებს ევროპა. ვხედავთ ჩვენ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში. ვხედავთ, თავადვე აღიარებს, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიებს, არასამთავრობო სექტორს. ადამიანმა ჯერ ჯარს მოპარა 5 მილიონი, შემდეგ ევროპელი პენსიონრები თაღლითური სქემით გაძარცვა და ეს ადამიანი პირდაპირ ჩართულია ქართულ პოლიტიკაში, მედიაში, არასამთავრობო სექტორში ფინანსებით. ამაზე ვსაუბრობთ და სამწუხაროა, რომ ხდება იმავე შეცდომის გამეორება, რაც იყო დაშვებული მიხეილ სააკაშვილთან, როდესაც ის შეფარებული იყო ევროპის ქვეყნებში და იქიდან ურევდა აქ სიტუაციას. ახლა დავით კეზერაშვილია ევროპულ ქვეყნებს შეფარებული და იქიდან ურევს ვითარებას საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, იმედია, ევროპული ქვეყნები ამ საკითხს სერიოზულად შეხედავენ და დავით კეზერაშვილი გადმოეცემა საქართველოს, რათა მოიხადოს სასჯელი იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა.
„დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოტანილია სისხლის სამართლის განაჩენი. თუ არ ვცდები, ხუთი წელი აქვს შეფარდებული, რადგან მან 5 მილიონი ევრო მოპარა ჯარს და ამ მოპარული ფულით აფინანსებს საქართველოში პოლიტიკას, მედიასა და არასამთავრობო სექტორს. დღეს, ასევე, მედიაგამოძიების შედეგად გაჩნდა ეჭვი, რომ ის არის ევროპელი პენსიონრების თაღლითურად გაძარცვაში მონაწილე. შესაბამისად, ფული, რომელიც იხარჯება მის მიერ ქართულ პოლიტიკაში, არასამთავრობო სექტორსა და მედიაში, ამ ფულში არის, როგორც ჯარისგან მოპარული ფული, ასევე ევროპელი პენსიონრებისგან თაღლითური გზით დაუფლებული ფული. ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის, სურვილია, ადამიანმა, რომელსაც მისჯილი აქვს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოში, მოიხადოს სასჯელი საქართველოში, ისევე, როგორც წინა რეჟიმის სხვა დამნაშავეებმა, რომლებიც თავს აფარებენ სხვა ქვეყნებს, მათ შორის ზურაბ ადეიშვილმა.
რაც შეეხება ქოლცენტრებს, იცით, რომ ფართო გამოძიებაა. სხვადასხვა ქვეყანა იყო ჩართული, მათ შორის საქართველო. ამ გამოძიებებში ძალიან აქტიურად იყო ჩართული გერმანია.
ჩვენი საკითხი არის, რომ ამ ადამიანმა ქართულ ჯარს ომამდე ექვსი თვით ადრე მოპარა 5 მილიონი ლარი და ფურცელზე ჩაატარა სხდომა, რომელიც სინამდვილეში არ ჩატარებულა, ამ ფულს დღეს ხარჯავს ქართულ მედიაში, პოლიტიკასა და არასამთავრობო სექტორში. მორალური გაკიცხვა იმ ხალხისგან, ვინც იღებს ამ ფულს პოლიტიკაში, მედიასა და არასამთავრობო სექტორში, არ გვსმენია და ადამიანების გარიყვით არიან დაკავებული, თავად კი, სწორედ ევროპელი პენსიონრებისა და ქართველი ჯარისკაცების კუთვნილი ფულით იღებენ ხელფასებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.