შალვა პაპუაშვილი - ბევრისგან მოვისმინეთ გააზრება, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა შეცდომა იყო, გერმანიაში ყველას პოზიციაა საქართველოს პროგრესის მხარდაჭერა
ბევრისგან მოვისმინეთ გააზრება, რომ შეცდომა იყო, როდესაც ივნისში საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცა. ყველას პოზიციაა საქართველოს პროგრესის მხარდაჭერა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
მისივე თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა კანდიდატის სტატუსისთვის კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ შემდეგში გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება.
„დღეს ჩვენს დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა გერმანიის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფთან, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის საგარეო სპიკერებთან. ყველას აქვს ერთიანი პოზიცია – ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს პროგრესის მრავალპარტიული და მრავალფრაქციული მხარდაჭერა. ჩვენ ბევრისგან მოვისმინეთ იმის გააზრება, რომ ივნისში, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცა, გადაწყვეტილება იყო შეცდომა, ამიტომ ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავაკმაყოფილოთ კრიტერიუმები, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ვფიქრობ, სრული გაცნობიერებაა, რომ სჯობდა, საქართველოს მიმართ ივნისში გადაწყვეტილება ყოფილიყო პოზიტიური. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით გადაწყვეტილება შემდეგში პოზიტიური იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.