შალვა პაპუაშვილი - ბექა მინდიაშვილი გამოირჩევა რელიგიური ისტერიის გაღვივებით, ჩემი მოლოდინია, რომ USAID-ის ხელმძღვანელობა გაერკვევა საკითხში, იმოქმედებს ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით
შალვა პაპუაშვილი - ბექა მინდიაშვილი გამოირჩევა რელიგიური ისტერიის გაღვივებით, ჩემი მოლოდინია, რომ USAID-ის ხელმძღვანელობა გაერკვევა საკითხში, იმოქმედებს ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით

ცინიკური იყო ის ფაქტი, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილია. ადამიანი, რომელიც რელიგიურ შემწყნარებლობის იდეას უნდა ავრცელებდეს, თავად გახდა რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის სულის ჩამდგმელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ბექა მინდიაშვილი გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით.

„გაგაცნობთ მის რამდენიმე საჯარო განცხადებას, რომელიც სრულად წარმოაჩენს, თუ როგორ არ ესმის მას ტოლერანტობის არც იდეა და არც სულისკვეთება. მისი ციტატები: „ეს პატრიარქი და სამღვდელოება მოხსენით ერთხელ და სამუდამოდ დღის წესრიგიდან, – დაანებეთ ამ ჯაშუშების ბუნაგს თავი“; „ჩვენი ეკლესიის უკიდურეს დეგრადაციაზე მეტყველებს, რომ ჩვენ რუსული სტალინისტური პრავოსლავიეს მარგინალური ჯურღმული ვართ და არა საქართველოს სამოციქულო ეკლესია“; „სქიზმატური ატომური რუსული ფაშისტური პრავოსლავიე და მისი უბედური სატელიტები – შვიდში აღნიშნავენ რაღაც ანტიდასავლურ სიბრიყვეს, ხუშტურსა და ბოღმას, ხოლო საქართველოში, დამატებით, იესოს ბაგაში შობის ნაცვლად, დღეს ილია მეორის ტახტზე ასვლას ზეიმობს ეკლესია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მოხსენიება „ჯაშუშად“, ეკლესიის – „დეგრადირებულად“ და შობის, საერო კალენდრით, 7 იანვარს აღნიშვნისთვის „ანტიდასავლური სიბრიყვის“ წოდება, არის სწორედ რელიგიური შეუწყნარებლობა, მტრული რიტორიკა და სიძულვილის ენა, ანუ ის, რასაც ე.წ. ტოლერანტობის ცენტრი, წესით, უნდა ებრძოდეს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მე მივმართე სახალხო დამცველს საკითხში გარკვევის თხოვნით. საზოგადოებამ მოისმინა მისი საჯარო განმარტება. როგორც აღმოჩნდა ე.წ. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი სულაც არ ყოფილა „სახალხო დამცველთან არსებული“ რაიმე ცენტრი თუ სტრუქტურული ერთეული, არამედ არის ცალკე არსებული დამოუკიდებელი პროექტი, რაც, თავის მხრივ, პრობლემურია, ვინაიდან სახეზეა კონსტიტუციური ორგანოს სახელწოდების იმგვარად მითვისება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მოქალაქეები და „ენჯეოს“ სახელმწიფო ინსტიტუტად წარმოაჩენს.

რაც შეეხება ამ ე.წ. ცენტრის დაფინანსებას, როგორც ირკვევა, ის ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთ-ერთი პროგრამის – „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში. ძალიან ვწუხვარ, რომ, უკვე მერამდენედ, USAID-ი ექცევა მისი სახელით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში. აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რელიგიური შეუწყანარებლობით და რელიგიური ისტერიის გაღვივებით, ახერხებს ამერიკული დაფინანსების მიღებას, თანაც იმ საქმისთვის, რომლის აბსოლუტურად საპირისპიროდაც თავად მოქმედებს.

საქართველოს ეკლესიის და მისი მრევლის წინააღმდეგ საქმიანობის ხელშეწყობა ქართველი ხალხის ინტერესს რომ არ პასუხობს, ეს თავისთავად ცხადია, თუმცა მე, ამავე დროს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობის დაფინანსება არც ამერიკელი ხალხის ინტერესშია. ამიტომ ჩემი მოლოდინია, რომ USAID-ის ხელმძღვანელობა მალე გაერკვევა ამ საკითხში და იმოქმედებს ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა ბექა მინდიაშვილის ორგანიზაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზეც უპასუხა და აღნიშნა, არ იცის, რა იურიდიული ფორმა აქვს მის ორგანიზაციას.

„ვერ გეტყვით, არ ვიცი, რა პრეისტორია აქვს, მაგრამ ფაქტია, ეს არის კონსტიტუციური ორგანოს იმგვარი მითვისება, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მოქალაქეები, წარმოაჩენს მას რაღაც სახელმწიფო ინსტიტუტად და, შესაბამისად, როგორც ვხვდები, ჩემთვისაც ეს სიახლე იყო. მე როგორც ვხვდები, ეს ფაქტობრივად არის ამ ერთი ადამიანის გარშემო რაღაც ორგანიზაცია თუ პროექტი. მე რაც ვნახე, ის „ენჯეოდაც“ არ არის რეგისტრირებული, ეს „ტოლერანტობის ცენტრი“. არ ვიცი, რა იურიდიული ფორმა აქვს, არ ვიცი, რა ფინანსური სქემებით ფინანსდება ეს ადამიანი თუ ეს ორგანიზაცია. ერთი რაც არის, საჯარო წყაროებში ჩანს, რომ არის USAID-ის პროგრამის მიერ დაფინანსებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.