შალვა პაპუაშვილი „ბათუმელების“ რედაქტორს მიმართავს - არ ვიცი, რა ძალაა ისეთი, რომელიც ერთხელ ბოდიშმოხდილ ამბავზე კიდევ წაგიყვანს ადამიანს ცილისწამებაზე, თუ არა ადამიანური ეთიკის წესებზე გადაბიჯება
არ ვიცი, რა ძალაა ისეთი, რომელიც ერთხელ ბოდიშმოხდილ ამბავზე კიდევ წაგიყვანს ადამიანს ცილისწამებაზე, თუ არა ადამიანური ეთიკის ელემენტარულ წესებზე გადაბიჯება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ ასეთი ქცევა კიდევ ერთი დასტურია, რომ უალტერნატივოა მედიის დაფინანსების გამჭვირვალობა, რომლის გამჟღავნების წინააღმდეგაც ეს გამოცემა იბრძვის.
„არ ვიცი, რა ძალაა ისეთი, რომელიც ერთხელ ბოდიშმოხდილ ამბავზე კიდევ წაგიყვანს ადამიანს ცილისწამებაზე, თუ არა ადამიანური ეთიკის ელემენტარულ წესებზე გადაბიჯება.
კარგია, რომ, სამართლებრივად, იმდენს მაინც მიხვდა ეს გამოცემა, რომ ტექსტად არ აქცია ის ცილისწამება, რაც მისმა რედაქტორმა იკადრა. მაგრამ ვიდეოს სახით რომ ავრცელებენ, ესეც ბევრზე მეტყველებს.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ ასეთი ქცევა, კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ უალტერნატივოა მედიის დაფინანსების გამჭვირვალობა, რომლის გამჟღავნების წინააღმდეგაც ეს გამოცემა იბრძვის.
„გამჭვირვალობის კანონის“ არარსებობის პირობებში, უცნობია, ვინ აფინანსებს „ნეტგაზეთსა“ და „ბათუმელებს“. თუმცა, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთი დეზინფორმაციული მედიის უკან „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ (NED) და „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED) დგანან. ამით ყველაფერი ნათქვამია, ვინაიდან ამ ქცევაში არაფერია ქართული“, – წერს შალვა პაპუაშვილი.