შალვა პაპუაშვილი - ბარიერის დაწევაზე მათხოვრობა შეუსაბამოა, პარტიებს თუ აქვთ პრეტენზია, რომ ხალხს წარმოადგენენ და სურთ ქვეყნის მართვა, იმედიც უნდა ჰქონდეთ, რომ რამდენიმე ათას ხმას მიიღებენ
სამწუხაროდ, ოპოზიციას ბევრი რამ აქვს არეული, მათ შორის, კალენდარიც. ყველას კარგად ახსოვს, საარჩევნო ბარიერზე ნათქვამი იყო შარშან, 2022 წლის ივლისში და ეხებოდა 2022 წლის დეკემბერს. ახლა გვაქვს 2023 წელი. კალენდარში უნდა ჩაიხედონ, შარშანდელ თოვლს ნუ ეძებენ წლევანდელ დეკემბერში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა იმ კითხვის პასუხად, რომლის თანახმადაც: „ოპოზიცია ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევას ითხოვს და იხსენებენ ირაკლი კობახიძის განცხადებას, კანდიდატის სტატუსს დეკემბერში თუ მოგვცემენ, არჩევნები 2-პროცენტიანი ბარიერით ჩატარდება“.
პაპუაშვილის თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად უსუსურია ოპოზიცია. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევაზე ოპოზიციის მოთხოვნას არანაირი შინაარსი არ აქვს.
„მათ ჰქონდათ შანსი. „ქართულმა ოცნებამ“, მათ შორის, პატარა პარტიებს მისცა შანსი, ერთპროცენტიანი ბარიერით მოხვედრილიყვნენ პარლამენტში და გაძლიერებულიყვნენ, ეჩვენებინათ ამომრჩევლისთვის საკუთარი, ინდივიდუალური დღის წესრიგი, ამით გაეზარდათ მხარდაჭერა ან გამსხვილებულიყვნენ და ეძებნათ პარტნიორები სხვა პარტიებში, გაერთიანებულიყვნენ და აქედან გამომდინარე გასულიყვნენ შემდეგ 5-პროცენტიანი ბარიერით, რომელიც, უკვე წლებია, კონსტიტუციაში წერია. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ გამოეყენებინათ ეს შესაძლებლობა, დღეს, ფაქტობრივად, გადასული არიან თხოვნაზე, იქნებ რამენაირად დაუწიონ ბარიერი, რომ კიდევ ერთხელ წახალისდეს მათი საქციელი. არანაირი შინაარსი ამ მოთხოვნას არ აქვს. 2024 წლის არჩევნები ოქტომბერში ჩანიშნულია, დიდი ხანია, ყველამ კარგად იცის, რომ ბარიერი არის 5%-იანი. მოემზადონ ამ არჩევნებისთვის და თან ისიც განგვიმარტონ, როგორ ეთანხმება ერთმანეთს, რომ, ერთი მხრივ, ამბობენ, რომ ისინი იგებენ, მოდიან ხელისუფლებაში და, მეორე მხრივ, რითი იგებენ, 3 პროცენტით აპირებენ ქვეყნის მართვას?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ვინ მოხვდება პარლამენტში, ეს დამოკიდებულია პარტიების აქტიურობაზე, ხალხის მხარდაჭერის მოპოვებაზე.
„„ქართული ოცნებისთვის“ არცერთი ბარიერი პრობლემა არ არის. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ერთპროცენტიანი ბარიერით „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა უმრავლესობა და, სხვათა შორის, მაშინ რომ ყოფილიყო სრულად პროპორციული არჩევნები, მაინც უმრავლესობას მოიპოვებდა „ქართული ოცნება“ იმ 1%-იანი ბარიერით. პრობლემა არის ოპოზიციაში, რომ მათ, სინამდვილეში, არ სურთ, ხალხს დაანახონ საქმე, მათ სურთ, რომ იყვნენ პარლამენტის წევრები, ჰქონდეთ კაბინეტები და ა.შ. ატყობენ ხოლმე, რომ არ არიან იმ პირობებში, მიიღონ მხარდაჭერა და ცდილობენ, რაღაცნაირად დააწევინონ ბარიერი. არასერიოზულია, არ მინდა, დამაკნინებელი ტერმინები გამოვიყენო, მაგრამ როდესაც პარტია, ერთი მხრივ, ამბობს, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბრობს და შემდეგ აღმოჩნდება, თურმე 3%-ის იმედად არიან ეს პარტიები, უკვე აჩვენებს, რამდენად არასერიოზულია მათი საქციელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, 5 პროცენტი არის ადეკვატური ბარიერი, რომელიც არსებობს ბევრ ქვეყანაში და რომელიც საქართველოში კონსტიტუციაში, უკვე წლებია, წერია.
„ყველას მოვუწოდებ, გადაშალოს კალენდარი და დაფიქრდეს, რა განსხვავებაა 2022 წლის დეკემბერსა და 2023 წლის დეკემბერს შორის. ალბათ ამოიკითხავს პასუხს ამ მარტივ კითხვაზე. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ნათქვამი იყო მარტივი სიტყვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2022 წლის დეკემბერში იქნებოდა პოზიტიური გადაწყვეტილება – და ამას ხომ თავისი შინარსი ჰქონდა, აქ საკითხი იყო არა ბარიერზე, არამედ იმასთან დაკავშირებით, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება და კანდიდატის სტატუსი დაწევდა პოლარიზაციას – დაწეული პოლარიზაციის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა კიდევ ამაზე ფიქრი. საერთო ჯამში, ჩვენ ვნახეთ ჯანჯღარის ერთი დამატებითი წელი და მომავალ წელს რა მოგველის, შევხედოთ. მგონი, ოპოზიციას არაფერი ეტყობა, რომ ისინი მზად არიან, რადიკალური დღის წესრიგიდან გავიდნენ. 5 პროცენტი არის ადეკვატური ბარიერი, რომელიც არსებობს ბევრ ქვეყანაში და რომელიც საქართველოში, მათ შორის, კონსტიტუციაში, უკვე წლებია, წერია და მოწონებული არის საერთაშორისო დონეზეც. ვენეციის კომისიის დასკვნაც არსებობს ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ახლა მათხოვრობა იმაზე, რომ დაიწიოს ბარიერი, მგონი, შეუსაბამოა. პარტიებს თუ აქვთ პრეტენზია, რომ წარმოადგენენ ხალხს და უნდათ, ქვეყანა მართონ, იმის იმედიც უნდა ჰქონდეთ, რომ რამდენიმე ათას ხმას მიიღებენ. პრობლემები ეძებონ საკუთარ თავში. წინ კიდევ არის ერთი წელი, არის დრო, ნაცვლად იმისა, რომ ყოველ ჯერზე „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ იყვნენ, გამოიჩინონ ინდივიდუალობა, ნაცვლად იმისა, რომ გაემიჯნონ ერთმანეთს, გაერთიანდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.