საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობასა და მრავალწლიან ნაყოფიერ სტრატეგიულ პარტნიორობას.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, ასევე, ვაჭრობის, ენერგეტიკის, განათლების სექტორებში.
მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე“, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი. ასევე, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარიძე.