შალვა პაპუაშვილი - ათი წელი ქვეყანა რომ არ მოასვენეს სააკაშვილით, სად არიან ახლა? რატომ არიან ჩუმად, ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს, სახელმწიფოს ერთი ადამიანის გამო ქვეყნის ჯანჯღარისთვის
ათი წელი ეს ქვეყანა რომ არ მოასვენეს სააკაშვილით, სად არიან ახლა? რატომ არიან ჩუმად, ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს ერთი ადამიანის გამო ქვეყნის ჯანჯღარისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაუსვეს კითხვა.
„ხომ ხედავთ გასუსულ ოპოზიციას, გასუსულ ენჯეოსექტორს, უცხოელ აქტორებს, დიპლომატებს თუ პარლამენტარებს. სად არიან, ათი წელი ეს ქვეყანა რომ არ მოასვენეს სააკაშვილით, მისი პერსონით? ხან სად დაჰყავდათ, ხან სად, ხან სად ნიშნავდნენ. გახსოვთ, როგორ ხვდებოდნენ მას ბრიუსელის კორიდორებში, სხვადასხვა კონგრესში, გახსოვთ კონფერენციაზე გამოყოფილი ადგილი. ის ადამიანები, რომლებიც, მათ შორის, ევროპის სახე არიან, რატომ არიან ჩუმად, ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს, ქართულ მართლმსაჯულებას, ქართულ სახელმწიფოს ერთი ადამიანის გამო ქვეყნის ათწლიანი არმოსვენების, ჯანჯღარისთვის. გადაგვაყოლეს ერთ ადამიანს, ბოლოს შემოგვიპარეს ჩუმად, რათა ქვეყანა აერიათ. ამაზე დასკვნები გამოიტანეთ ჟურნალისტებმაც და სხვებმაც, ვისაც ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერესი აქვთ. ეს არის დასტური ათწლიანი ყალბი კამპანიისა, რომელშიც ჩართული იყვნენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები უცხოეთიდან, ჩართული იყო სხვადასხვა სახის მედია თუ არასამთავრობო სექტორი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა. გადაწყვეტილება ეხება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ორ სისხლის სამართლის საქმეს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია: „არ არსებობს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში“.