შალვა პაპუაშვილი - ათამდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი, ყველა კოლეგის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა, რომ საქართველოს დეკემბერში სტატუსი მიენიჭოს
შალვა პაპუაშვილი - ათამდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი, ყველა კოლეგის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა, რომ საქართველოს დეკემბერში სტატუსი მიენიჭოს

ეს იყო კარგი შესაძლებლობა, ათამდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი. ყველა კოლეგის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა, რომ საქართველოს დეკემბერში სტატუსი მიენიჭოს, – ამის შესახებ საქართველოს პარალმენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დუბლინში ვიზიტის შეჯამებისას აღნიშნა.

მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.

„თავად პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზეც იყო მნიშვნელოვან თემებზე საუბარი როგორც უკრაინის მხარდაჭერის მხრივ, უკრაინის ომის დასრულების შემდეგ უკრაინის აღმშენებლობის ფორმატთან დაკავშირებით, ასევე იმ გამოწვევებზე, რაც დღეს დემოკრატიებს აქვთ მთელ მსოფლიოში. კერძოდ, დეზინფორმაციის პრობლემებზე, რაც თანამედროვე დემოკრატიებს ახალ გამოწვევებს უქმნის. ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება, ამას შეეწინააღმდეგონ სახელმწიფოები, რათა დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა სხვადასხვა დეზინფორმაციული კამპანიით არ მოხდეს. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენი კოლეგების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა გვაქვს. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ გადაწყვეტილება კონსესუსით მიიღება და ევროკავშირის ყველა ქვეყანა მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ერთ ქვეყანასაც შეუძლია, რაღაც გადაწყვეტილებები დაბლოკოს. მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს უპირობო მხარდამჭერები არიან, იყვნენ განსაკუთრებით ხმამაღალი ამ მხარდაჭერაში, რათა იმ შემთხვევაში, თუ სკეპტიკოსები გამოჩნდებიან და, სამწუხაროდ, ამას ვხედავთ სხვადასხვა განცხადებებით, ამ სკეპტიკოსებმა საკუთარი პოზიციები ვერ გაიტანონ. ვაკვირდებით, რომ პირდაპირპროპორციულია საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ნეგატიური დამოკიდებულება იმის, თუ რამდენად მეგობარია ვიღაც მიხეილ სააკაშვილის. ამ სურათის ხილვა ძალიან სამწუხაროა ხოლმე, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური წრეების განცხადებებში გვხვდება. ამ შემთხვევაში საქართველოს მეგობრებმა უნდა გაიმარჯვონ და ქართველმა ხალხმა მიიღოს ის დამსახურებული წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, რასაც ჩვენ არა მხოლოდ ეს წელიწად-ნახევარი, არამედ დამოუკიდებლობის შემდეგ ბრძოლით, სახელმწიფო ინსტიტუციების მშენებლობით და ჩვენი ქვეყნის იმ პოზიციებზე გაყვანით ვიმსახურებთ, რითიც მრავალი რეიტინგით ვუსწრებთ ყველა კანდიდატ და, რიგ შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნებსაც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.