შალვა პაპუაშვილი - აშშ-ის ელჩი იყენებს ძალიან მძიმე ტერმინებს კონკრეტული ინდივიდების მიმართ, კორუმპირებულებს უწოდებს მოქმედ მოსამართლეებს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი - აშშ-ის ელჩი იყენებს ძალიან მძიმე ტერმინებს კონკრეტული ინდივიდების მიმართ, კორუმპირებულებს უწოდებს მოქმედ მოსამართლეებს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია

როდესაც დაგაბრალებენ, რომ ხარ სპილო, უნდა შექმნა კომისია და დაამტკიცო, რომ არ ხარ სპილო – აი, ეს არის ოპოზიციის მიდგომა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის ელჩი იყენებს ძალიან მძიმე ტერმინებს მოსამართლეების წინააღდეგ, რაც მიუღებელია.

„ოპოზიციის მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა და როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში მოუშვას ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც იმხელა გაგება არ აქვთ სახელმწიფოებრიობის, რომ როდესაც შენი ქვეყნის მართლმსაჯულების წინააღმდეგ პრეტენზიებს აყენებენ, მინიმუმ, ხომ უნდა იკითხონ, ამის უკან არის თუ არა მტკიცებულებები. „ქართული ოცნება“ ხომ სვამს კითხვას, სად არის მტკიცებულებები, რომელიმე ოპოზიციონერისგან მოგისმენიათ ერთი კითხვა მაინც? ჩვენ არ ვართ რელიგიურ გაერთიანებაში, სადაც რწმენით წყდება ასეთი საკითხები. ჩვენ საქმე გვაქვს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ბრალდებასთან. სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩი იყენებს ძალიან მძიმე ტერმინებს კონკრეტული ინდივიდების მიმართ, კორუმპირებულებს უწოდებს მოქმედ მოსამართლეებს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ის, ვინც აყენებს პრეტენზიებს, მან უნდა მოიტანოს მტკიცებულებები. თუკი მტკიცებულებები არ არის, პრეტენზიას არ აქვს საფუძველი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.