შალვა პაპუაშვილი - აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში მთავარი ოპტიმისტური მოლოდინია, რომ შეიცვლება პოლიტიკური მიდგომები, რაც ურთიერთობების გადატვირთვის საშუალებას მოგვცემს
აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში მთავარი ოპტიმისტური მოლოდინია, რომ შეიცვლება პოლიტიკური მიდგომები, რაც ურთიერთობების გადატვირთვის საშუალებას მოგვცემს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობები გეოპოლიტიკური კონტექსტის მძვევალი აღმოჩნდა.
„ველოდებით დონალდ ტრამპის ინაუგურაციას და ოპტიმისტურად ვუყურებთ ახალ ადმინისტრაციას. ის, რაც ბოლო ორწელიწად-ნახევარია, ხდება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში, არის რეგიონში არსებული კონტექსტის გამო. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენი ურთიერთობები ამ კონტექსტის მძევალი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, იმ მომენტში ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ რუსეთთან ესკალაციაზე წავიდოდით. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, ვიღაცას ეწყინა, ვიღაცა გაბრაზდა, ვიღაცამ გაგვიგო, მიხვდა, რატომ არ გვინდა, ჩვენი ხალხი გავწიროთ ამ საერთო გეოპოლიტიკური კონტექსტის ფარგლებში. ჩვენი მთავარი ოპტიმისტური მოლოდინია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეიცვლება ზუსტად ეს კონტექსტი. კონტექსტი და გარემო როცა შეიცვლება, შესაძლებელი იქნება აღვადგინოთ ურთიერთობის ის დონე, რომელიც მანამდე იყო.
ოპოზიცია უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებში უყურებს, ვისთან შეიძლება ჰქონდეს პირადი კონტაქტი, ნაცნობობა, ასე არ არის პოლიტიკა აწყობილი. ჩვენთვის გადამწყვეტი არის არა ის, ადმინისტრაციის ამა თუ იმ თანამდებობაზე ვინ იქნება, არამედ პოლიტიკური მიდგომების ცვლილება, რაც შეცვლის კონტექსტს რეგიონში. ეს არის ჩვენთვის მთავარი. ეს ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობას მოგვცემს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციას აქვს ილუზია, რომ აშშ-ის პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან პირადი კონტაქტების დამყარებით საგარეო პოლიტიკა აწარმოონ.
„ვაკვირდებით ოპოზიციის დამოკიდებულებას ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან. ეს არის მათი ილუზია, თითქოს შეიძლება, რაღაც პირადი კონტაქტები დაამყარონ, ფოტო გადაიღონ და ეს არის საგარეო პოლიტიკა. ასეთი პოლიტიკა ჰქონდათ 2012 წლამდე, პირადი კონტაქტების იმედად იყვნენ და ვნახეთ, სადამდეც მიიყვანეს ეს ქვეყანა. ჩვენ გვაქვს სხვა მიდგომა, ეროვნული ინტერესები.
იცვლება ღირებულებითი დამოკიდებულებიც, გვესმოდა, რომ პირდაპირი მითითებები გაიცემოდა სქესისგან ნეიტრალური მიმართვების გამოყენების შესახებ. ტრამპს და მის ადმინისტრაციას სხვა დამოკიდებულება აქვთ. ჩვენ პიროვნებებს კი არ ვუყურებთ, ჩვენ ვუყურებთ კონტექსტს. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ჩვენს პარტნიორს უნდოდა, გვეფიქრა არა ქართველ ხალხზე, არამედ საერთო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე. ჩვენ ამაზე ვთქვით უარი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.