შალვა პაპუაშვილი - არიან ჯგუფები თუ აქტორები, რომელთა განცხადებებიც აღქმას ტოვებს, რომ „პრაიდის“ ღონისძიება ნებისმიერ ფასად უნდა ჩატარებულიყო, მათ შორის, ადამიანების ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენების ფასად
საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს უსახავს პრიორიტეტებს და ეს პრიორიტეტებია, რომ უპირველესი ფასეულობა ადამიანის ჯანმრთელობაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თბილისში „პრაიდფესტივალის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.
„რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა და დასკვნითი ღონისძიება იყო. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზატორებთან შეთანხმებული გეგმა ჰქონდა, ადგილზე მისული ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, კონკრეტული პირების ჯანმრთელობის დაზიანების რისკი იმდენად მაღალი იყო, რომ, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. მეც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არიან გარკვეული ჯგუფები თუ აქტორები, რომელთა განცხადებებიც ისეთ აღქმას ტოვებს, რომ ეს ღონისძიება ნებისმიერ ფასად უნდა ჩატარებულიყო, მათ შორის, ადამიანების ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენების ფასად. არ ვიცი, ამ ჯგუფებს და აქტორებს, ვის განცხადებებსაც ვისმენდით, რა პრიორიტეტები აქვთ, მაგრამ საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა პრიორიტეტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უსახავს და ეს პრიორიტეტებია, რომ უპირველესი ფასეულობა ადამიანის ჯანმრთელობაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც სასწორზე ადამიანის ჯანმრთელობა დევს შეკრების თავისუფლებასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიცია სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, გარდა იმისა, რომ ადამიანების ჯანმრთელობას გაფრთხილებოდნენ და ეს პრიორიტეტი წინ დაეყენებინათ.
„ერთი მხრივ, არავინ დაზიანებულა. მეორე მხრივ, კონტაქტამდეც არ მიიყვანა საქმე პოლიციამ და ამის უზრუნველყოფა შეძლო. ამ მთავარი პრიორიტეტის დაცვა პოლიციამ შეძლო. რაც შეეხება საპოლიციო ღონისძიებებს, ამაზე ვერ გიპასუხებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაგცემთ პასუხს – თუ როგორ იგეგმება, მათ შორის რა ტაქტიკით და სტრატეგიით, ესა თუ ის ღონისძიება. რაც შეეხება დაანონსებებს, ასეთი სხვადასხვაგვარი გვესმის ხოლმე, მათ შორის პარლამენტის წინააღმდეგაც. დაანონსებული იყო სხვადასხვა აქცია, რომლებიც ბოლოს ძალადობრივ აქციებად გადაქცეულა. შეგახსენებთ, 7-8 მარტს, როდესაც პარლამენტზე იყო შეტევა მიტანილი. გვახსოვს ჩამსხვრეული შუშები და ცეცხლწაკიდებული პარლამენტი. აქ თქვენც იმყოფებოდით. მაშინ პოლიციას პარლამენტიდან როგორც თანამშრომლების, ისე ჟურნალისტების ევაკუაცია მოუწია. აქ არავის უთქვამს, რომ პარლამენტის ფუნქციონირების შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თქვენი ან პარლამენტის თანამშრომლების ჯანმრთელობა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება მასის მართვას, ეს ცალკე დარგია.
„სხვათა შორის, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ უმაღლესი სტანდარტით ფლობენ ამ სტრატეგიასა და ტაქტიკას. შესაბამისად, სხვადასხვა სახისა და სიდიდის მასებს მართავენ, რადგან ყოველ ეტაპს თავისი გადაწყვეტა აქვს. დარწმუნებული ვარ, იქ რომ ყოფილიყო მმართველი თუ არამმართველი პარტიის ღონისძიება და მათ ჯანმრთელობას საფრთხე შექმნოდა, პოლიცია ასევე უზრუნველყოფდა, რომ მათი ევაკუაცია მომხდარიყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.