შალვა პაპუაშვილი - არჩევნებში ოპოზიციის კატასტროფული მარცხი ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა მათ მიუჩინა ის ადგილი, რომელსაც იმსახურებენ, მიუჩინა მოღალატეებისა და უსამშობლოების ადგილი
შალვა პაპუაშვილი - არჩევნებში ოპოზიციის კატასტროფული მარცხი ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა მათ მიუჩინა ის ადგილი, რომელსაც იმსახურებენ, მიუჩინა მოღალატეებისა და უსამშობლოების ადგილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარეობს ქსენოფობიური კამპანია იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან.

პაპუაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ოცდაათივე ოლქში დააყენა დელეგატები, რომლებმაც რეგიონებში 50 დღის განმავლობაში უამრავი შეხვედრა ჩაატარეს, რათა მოქალაქეებისთვის გაეცნოთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პლატფორმა და დაერწმუნებინათ პარტიის მხარდაჭერაში.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ დროს ოპოზიციას საერთოდ არ ჩაუტარებია რეგიონში საარჩევნო კამპანია და ახლა უკვირთ ის შედეგები, რაც არჩევნებზე მიიღეს.

„დეზინფორმაცია მაღალ მხარდაჭერასთან დაკავშირებით – აქაც ვნახეთ, მათ შორის, ქსენოფობიური კამპანია, რომელშიც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილიც ჩართულია, „ენჯეოებიც“ და ოპოზიცია, როდესაც ჩვენს ქვეყანაში გამოარჩევენ გარკვეულ ოლქებსა და რეგიონებს, რომლებიც განსაკუთრებით კომპაქტურად არის დასახლებული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან და იმ კონტექსტში წარმოადგენენ მაღალ მხარდაჭერას, თითქოს ხდება ადამიანებით მანიპულირება. ეს არის ჩვეულებრივი ქსენოფობიური კამპანია, რომელიც ასევე წარმოებს იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან.

რა არის რეალობა – იცით, რომ ამ არჩევნებზე აღარ იყო მაჟორიტარული სისტემა, თუმცა შემოღებული იქნა ე.წ. დელეგატის ინსტიტუტი. ყველა პარტიას შეეძლო, საკუთარ საარჩევნო სიაში კონკრეტული ადამიანი მიეკუთვნებინა ამა თუ იმ ოლქზე და ეთქვა, რომ, აი, ეს ადამიანი იქნება თქვენი ოლქის წარმომადგენელი შემდეგ პარლამენტში. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ოლქში, ოცდაათივე ოლქში დააყენა დელეგატები და გვყავდა ყველა დელეგატი, მათ შორის უმეტესობა არის მოქმედი მაჟორიტარი, რომელსაც ისედაც კავშირი აქვს რეგიონთან. ყველა დელეგატი იყო რეგიონის წარმომადგენელი, რეგიონთან კავშირის მქონე ადამიანი, რომელსაც რეგიონის მოსახლეობა ჩათვლიდა საკუთარ ხმად და წარმომადგენლად პარლამენტში;

მეორე – ჩვენ ჩავატარეთ არაერთი კარდაკარი, როდესაც, დელეგატებთან ან ჩვენი შტაბის წარმომადგენლებთან ერთად, ყველა ოჯახში მივედით. კარდაკარის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ზუსტადაც ამომრჩევლების აღრიცხვა, ნახვა, ვინ არის ჩვენი ამომრჩეველი, ვინ შეიძლება დავარწმუნოთ, რომ იყოს ჩვენი ამომრჩეველი და ა.შ. კარდაკარის მიზანი, ასევე, არის ჩვენი საინფორმაციო ბროშურების დარიგება და ამაზე ცალკე კარდაკარი გვქონდა, როდესაც, ერთი მხრივ, მიღწევებთან დაკავშირებით ბროშურები დავარიგეთ, და, მეორე მხრივ, სარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით, და რეგიონული ღონისძიებები. იცით, რომ ყველა რეგიონში ჩატარდა მასშტაბური ღონისძიება, სადაც ყველანი ვიყავით წარმოდგენილი და, მათ შორის, კიდევ ცალკე, ჩვენ, პირადად მეც, რეგიონში დავდიოდით და გვქონდა შეხვედრები. საერთო ჯამში, დელეგატებს თუ შევხედავთ, აღრიცხული აქტივობები არის შემდეგი: 5048 შეხვედრა ჩაატარეს მხოლოდ დელეგატებმა, ეს არის აღრიცხული შეხვედრები, რომელიც 50 დღეში 30-მა დელეგატმა ჩაატარა, რაც დღეში საშუალოდ გამოდის 100 შეხვედრა ქვეყნის მასშტაბით და თითო დელეგატმა საარჩევნო კამპანიის, ამ 50 დღის განმავლობაში 170 შეხვედრა ჩაატარა. ვიყავით ყველა სოფელში, ვიყავით ყველა უბანში, მივედით თითქმის ყველა ოჯახში, რათა გვესაუბრა მათთან, აგვეხსნა, რა არის ჩვენი საარჩევნო პლატფორმა, დაგვერწმუნებინა, რომ მხარი დაეჭირათ „ქართული ოცნებისთვის“.

რას აკეთებდა ამ დროს ოპოზიცია? მათ, არავის, არცერთ პარტიას, არცერთი დელეგატი არ ჰყავდა დასახელებული. ნული. საერთოდ არ ჰყავდათ, არ უთხრეს ხალხს, რომ თქვენი წარმომადგენელი ეს ადამიანი იქნება პარლამენტში. მათ არ ჰყავდათ გამსვლელ სიებში რეგიონიდან კანდიდატები, რომლებიც რეგიონების სახე იქნებოდნენ, სადაც იმერლები, კახელები, აჭარლები ჩათვლიდნენ, რომ ეს არის ჩემი ხმა და წარმომადგენელი პარლამენტში. მათ შორის, არ ჰყავდათ ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები გამსვლელ სიებში, საერთოდ არ ჰყავდათ, ერთ პარტიას ჰყავდა მხოლოდ და ისიც იმ რეგიონის წარმომადგენელი არ არის, სადაც გარკვეული ეთნოჯგუფები კომპაქტურად არიან დასახლებული. საერთოდ არ ჩაუტარებიათ რეგიონში კამპანია.

ნახავდით, რომ იყო რამდენიმე ჩასვლა კამერების თანდასწრებით. რეგიონში, სხვათა შორის, არ ვგულისხმობ მხოლოდ თბილისს მიღმა რეგიონს, თბილისსაც ვგულისხმობ. თბილისის ოლქებში მათ შეხვედრები არ ჰქონიათ, თქვენც გაიკითხეთ და ჰკითხეთ, თბილისში თუ მის გარეთ თუ ხედავდნენ ისინი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც სოფელ-სოფელ, უბან-უბან დადიოდნენ და ხვდებოდნენ ადამიანებს. ფაქტობრივად, არ ჰქონდათ კამპანია რეგიონში და, ძირითადად, მათი კამპანია იყო ტელევიზია და უცხოელების მხარდაჭერა, მეტი არაფერი. ნული დელეგატი საქართველოს სხვადასხვა ოლქიდან, ამასობაში ჰქონდათ ვიზიტები აშშ-ში, ბელგიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, პოლონეთში, პორტუგალიაში, იტალიაში. საარჩევნო კამპანიის დროს, ნაცვლად იმისა, რომ მისულიყვნენ და ადამიანებთან ესაუბრათ, დადიოდნენ და უცხოელებს ელაპარაკებოდნენ.

ამან თავისი შედეგი გამოიღო. ხედავთ, რომ მათი ამომრჩევლები უფრო უცხოელები არიან, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა და ვხედავთ, გარედან როგორი მხარდაჭერა აქვთ. აქაც კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო ის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც აქვს გამართული ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციურ პარტიებს და ზოგიერთ „ენჯეოს“. თუკი შევხედავთ 10 ყველაზე მაღალი მხარდაჭერის მქონე ოლქს, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა მიიღო, ნახავთ, რომ ეს შერეული ოლქებია, აქ არ არის ოლქები, სადაც შეიძლება მხოლოდ ეთნიკურად კომპაქტურად დასახლებული ოლქები იყოს – ნინოწმინდა, ახალქალაქი, საჩხერე, ბოლნისი, მარნეული, ლენტეხი, დმანისი, ყაზბეგი, მესტია, წალკა.

რომ შევხედოთ, როგორი იყო მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ: 64 მუნიციპალიტეტიდან, და თბილისს თუ ერთ მუნიციპალიტეტად ავიღებთ, 60-ში, ანუ 94%-ში „ქართულმა ოცნებამ“ 50%-ზე მაღალი მხარდაჭერა მიიღო, აქედან 30-ში მიიღო 60-დან 70-მდე პროცენტის მხარდაჭერა და ეს აჩვენებს, საერთო ჯამში, როგორ იყო გადანაწილებული.

ქსენოფობიურ კამპანიებს, მათ შორის, მედია და „ენჯეოებიც“ აწარმოებენ. როდესაც საუბარი აქვთ ნინოწმინდაზე და ახალქალაქზე, მათ არ ჰყავდათ არათუ დელეგატი დასახელებული, არათუ რეგიონის წარმომადგენელი დასახელებული, არამედ ეთნიკური ჯგუფიდან წარმომადგენელი საერთოდ არ ჰყავდათ სიებში.

ჩვენი მოქმედი მაჟორიტარი ამ ოლქიდან, ნინოწმინდა-ახალქალაქიდან არის სამველ მანუკიანი, რომელიც წლებია, ამ რეგიონს წარმოადგენს, რომელიც ახლაც, როგორც უკვე დელეგატი, აქტიურად იყო ჩართული, მიდიოდა ყოველ ოჯახში, ყოველ უბანში, ყველას ესაუბრებოდა და რა გგონიათ, რატომ უნდა მიეცათ ამ ოლქის წარმომადგენელებს ხმა გვარამიასთვის ან ხაზარაძისთვის?

ჰგონიათ, რომ ტელევიზორში დაინახავენ და ტელევიზორის ხათრით უნდა მიეცათ ხმა? ამ პარტიებმა იციან საერთოდ, რა არის ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი? ასე რომ, საერთო ჯამში, აქაც ზუსტად ეს ახსნა აქვს. საერთოდ არ უმუშავიათ მოსახლეობასთან, საერთოდ არ მისულან არავისთან. ტელევიზორით ელაპარაკებოდნენ მთელ საქართველოს, მათ შორის, ტელევიზორით ელაპარაკებოდნენ ეთნიკური ჯგუფებით კომპაქტურად დასახლებულ ოლქებს, საერთოდ წარმომადგენელი სიაშიც კი არ ჰყავდათ, რომ მათი ხმა ყოფილიყო და ვიღაცას აღექვა, როგორც საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში. შემდეგ უკვირთ, რატომ არ აქვს მაღალი მხარდაჭერა ამა თუ იმ პირს.

საჩხერის მაღალი მხარდაჭერა ტრადიციულია და მნიშვნელოვანი არის. ბოლნისს რაც შეეხება, იცით, რომ ჩვენი დელეგატი ამ შემთხვევაში იყო ბოლნისის მერი, რომელიც წლებია, არის ბოლნისის მერი და ბოლნისის განვითარებას თუ შეხედავთ, მიხვდებით კიდეც, რატომ აქვს ასეთი მაღალი მხარდაჭერა მისი კანდიდატურის წყალობით „ქართულ ოცნებას“.

მარნეულში ჩვენი დელეგატი იყო ზაურ დარგალი, რომელიც მოქმედი მაჟორიტარი არის და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მას განსაკუთრებული პატივისცემა აქვს რეგიონში. ლენტეხი, დმანისი, ყაზბეგი – ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით არის სინამდვილეში ძალიან მარტივი გასაგები, რატომ დამარცხდა კატასტროფულად ოპოზიცია მთლიანად საქართველოში, რატომ დამარცხდა კატასტროფულად იმ რეგიონებში, რომლებმაც ვერც კი აღიქვეს, რომ მათი წარმომადგენელი უნდა ყოფილიყვნენ ისინი პარლამენტში და აქ, პარკეტზე დაზრდილებმა ჩათვალეს, რომ უნდა ყოფილიყვნენ რეგიონების წარმომადგენლები ალბათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, იმ რეგიონებში, რომლებზეც ქსენოფობიურ კამპანიას ავრცელებენ, ყველაზე დაბალი იყო სინამდვილეში ამომრჩეველთა აქტივობა, მათ შორის უფრო დაბალი, ვიდრე 2020 წელს.

„დღევანდელი დეზინფორმაციის მთავარი საკითხებია – ხმის მიცემის ფარულობა, აბსოლუტური ტყუილი და თუკი ფიქრობენ, რომ საქართველოში ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა და უნდა გაუქმდეს, მაშინ უნდა გაუქმდეს მოლდოვაშიც გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნები; უნდა გაუქმდეს ლიეტუვაში ორი კვირის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, პოლონეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, ბულგარეთის. სხვა მილიონ მაგალითს მოგიყვანთ და დააკვირდით, ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები როგორ არის და იქაც დაინახავთ ამ სტანდარტით ფარულობის დარღვევას; მეორე, ამომრჩეველთა მობილიზება – ამის წარმოჩენა, თითქოს ეს არის რაიმე დარღვევა, ისეთი რამ, რაც არ არის საერთაშორისო სტანდარტი პარტიის მუშაობისა, არის აბსოლუტური ტყუილი. ხუთი წუთი დასჭირდა და ორი სახელმძღვანელოს ამონარიდის ჩვენება, რომ გვემხილებინა ეს დიდი ფარსი, მათ შორის, ის ფაშისტური კამპანია, რომელსაც სოცქსელში ახლა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აწარმოებს „ქართული ოცნების“ მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ არჩევნებში კატასტროფული მარცხი ოპოზიციისთვის ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა მათ მიუჩინა ის ადგილი, რომელსაც ისინი იმსახურებენ.

„მაღალი მხარდაჭერის მიზეზები – ჩახედონ. სინამდვილეში, ის კომპლექსური სქემა, რაზეც ისინი საუბრობდნენ, არის ძალიან მარტივი. ამ სქემას ჰქვია დემოკრატია და ხალხის მხარდაჭერა. ხალხი მხარს თუ არ დაგიჭერს, ხალხთან თუ არ მიხვალ, რა თქმა უნდა, შენ იქ არ გექნება არანაირი შანსი, რომ გქონდეს კარგი შედეგები; და მეორე, ამ არჩევნებში – ნურავინ თავს ნუ იტყუებს და იმშვიდებს, განსაკუთრებით, ოპოზიციაში – ამ არჩევნებში კატასტროფული მარცხი მათთვის ნიშნავს ერთ რამეს: ქართველმა ხალხმა მათ მიუჩინა ის ადგილი, რომელსაც ისინი იმსახურებენ, მიუჩინა მოღალატეების და უსამშობლოების ადგილი და ამ ადგილას უნდა იყვნენ ისინი ქართველი ხალხის ვერდიქტით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.