შალვა პაპუაშვილი - არჩევნები მიმდინარეობს ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ
ჩვენ ვხედავთ, რომ არჩევნები მიმდინარეობს ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, მათ შორის საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ ბათუმში ხდება სრულად ელექტრონული ტექნოლოგიებით არჩევნების ჩატარება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს გამოცდილება მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო ჯამში სრულად ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაზე მოხდეს გადასვლა.
„რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც ჰქონდა ჩვენ მოსახლეობას საკმარისი დრო, რომ კიდევ ერთხელ შეეხედა იმ პოლიტიკური ლანდშაპტისთვის, რომელიც არსებობს დღეს საქართველოში და გამოეტანა საკუთარი დასკვნა, ვინ არის ამ ქვეყანაში განვითარების, წინსვლის ქვეყნის ინტერესებზე ფიქრის მხარეს და ვინ არის ქვეყანაში არეულობის, ქვეყნის უკუსვლის მომხრე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ეს არ არის პირველი არჩევნები, სადაც არის დაძაბულობის მცდელობა.
„სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი ლიდერებიც იმყოფებიან ადგილზე, რომ სწორედ ასეთი ექესცესები არ მოხდეს. მე ყველას მოვუწოდებ, მიიღოს ის არჩევანი, რომელსაც დღეს ქართველი ხალხი გააკეთებს. დღეს ქართველი ხალხი აკეთებს არჩევანს არა მხოლოდ ბათუმსა და რუსთავში, დღეს ქართველი ხალხი აკეთებს არჩევანს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ბოლო პერიოდში იყო ქვეყანაში დისკუსიის შექმნის მცდელობა, მათ შორის საქართველოს პოზიციონირებაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიმართ. დღეს რუსთაველი და ბათუმელი ამომრჩევლები ამ საკითხზეც გასცემენ პოლიტიკურ პარტიებს პასუხს, თუ რომელ მხარეს არიან და რას უჭერენ მხარს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.