შალვა პაპუაშვილი - არჩევნები ჩატარდება, ჩატარდება კოვიდუსაფრთხოდ და ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ
შალვა პაპუაშვილი - არჩევნები ჩატარდება, ჩატარდება კოვიდუსაფრთხოდ და ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდება.

პაპუაშვილის განმარტებით, წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ცესკო სრულად უზრუნველყოფს არჩევნების კოვიდუსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გამართვას.

„რაც შეეხება არჩევნების კოვიდუსაფრთხოდ ჩატარებას. ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ წინასაარჩევნო კამპანია და უშუალოდ არჩევნები. მოსახლეობას, ისევე როგორც ოპონენტებს შევახსენებთ, რომ საქართველომ პანდემიის პირობებში არჩევნების მომზადების და უსაფრთხოდ ჩატარების მხრივ არაერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დადებითი შეფასება დაიმსახურა. ამ შეფასებების გარეშეც, ყველა მოქალაქე იყო იმის მოწმე, თუ რამდენად უსაფრთხო გარემოში ჩატარდა 31 ოქტომბრის არჩევნები. ცხადია, რომ ამ წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ცესკო სრულად უზრუნველყოფს არჩევნების დღის კოვიდუსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით ჩატარებას. ასე, რომ უშუალოდ არჩევნების დღის მიმართ რაიმე კითხვის ნიშნის გაჩენა ეწინააღმდეგება, როგორც წინა არჩევნების გამოცდილებას, ისე იმ ცოდნას, რომელიც ამ მხრივ ჩვენთან თუ მსოფლიოში დაგროვდა. საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ ვაცხადებდით, რომ საარჩევნო უბანზე მოქალაქეები იქნებიან უფრო უსაფრთხოდ, ვიდრე ნებისმიერ თავშეყრის ადგილზე. ეს ასევე იქნება 2 ოქტომბრის არჩევნებზეც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღეში ქვეყანას უკვე ეყოლება სულ მცირე ერთი დოზით აცრილი მილიონი ადამიანი, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 35 პროცენტი. მისივე განმარტებით, არჩევნების დღისთვის კი, არსებული ტემპებით, ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი სულ მცირე ერთი დოზით იქნება აცრილი.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, პაპუაშილის შეფასებით, აქ პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ თავად პარტიებზეცაა.

„თავად ჩვენ, პარტიებმა, უნდა გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა და უზრუნველვყოთ საარჩევნო კამპანიის კოვიდუსაფრთხოდ ჩატარება. ეს იყო „ქართული ოცნების“ მიდგომა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას და ეს რჩება ჩვენს მიდგომად დღესაც. სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვგეგმავთ ჩვენს წინასაარჩევნო აქტივობებს და სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს ათასობით აქტივისტთან, რათა ჩვენივე აქტივის გადაცდომებზე დროული და სათანადო რეაგირება მოვახდინოთ. სწორედ ამასვე მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს: ნაცვლად არჩევნების, როგორც ხალხის ძალაუფლების გამოხატვის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისა, უზრუნველყავით თქვენი საარჩევნო კამპანიის ყველა რეგულაციის და რეკომენდაციის დაცვით ჩატარება. არჩევნები ჩატარდება. ჩატარდება კოვიდუსაფრთხოდ და ჩვენ ამ არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.