შალვა პაპუაშვილი - არჩევანი არის მშვიდობასა და ომს შორის, არცერთი ქვეყანა, რომელიც მაქსიმალურ მხარდაჭერას იჩენს უკრაინისადმი, არჩევანს არ აკეთებს ომის სასარგებლოდ, საქართველოც ირჩევს მშვიდობას
პროპაგანდისტულ ომში, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება მარტო არის მიტოვებული ოპოზიციის ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ერთი წელი გავიდა, რაც რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, უამრავი ინფორმაცია იყო, თითქოს საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა და არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან არ მომხდარა დეზინფორმაციის მხილება.
„საქართველოს ხელისუფლება, სამწუხაროდ, ამ მხრივ ვერ არის ოპოზიციის დიდი ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის იმედზე, ჩვენი ხელისუფლება ამ ომში მარტო არის მიტოვებული, მაგრამ ხედავთ, ხელისუფლება ხალხის მხარდაჭერით იმდენად ძლიერად არის, რომ ყველა ეს პროპაგანდისტული თავდასხმა მოიგერიოს. ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ მიდის საუბარი მშვიდობაზე, თითქოს მშვიდობისა და თავისუფლების დაპირისპირებაა, თითქოს დღეს საქართველო დგას არჩევანის წინაშე – მშვიდობა თუ თავისუფლება, სადაც მშვიდობა და ომი არის, ომი ჩაანაცვლეს თავისუფლებით, ეს არის სწორედ ცრუ დილემა. ტოლობის ნიშანს სვამენ ომსა და თავისუფლებას შორის, თუკი ავირჩევთ თავისუფლებას ე.ი. ავირჩევთ ომს, ასეთ ცრუ დილემებს გვთავაზობენ. სინამდვილეში, დღეს არის არჩევანი, მაგრამ არა ცრუ არჩევანი, თითქოს მშვიდობასა და თავისუფლებას შორის, არამედ არჩევანი არის მშვიდობასა და ომს შორის, ეს არჩევანი უდგას ყველა ქვეყანას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას. ნატო-ს წევრ ქვეყნებსაც უდგათ ეს არჩევანი, ყველას შეუძლია, დღესაც ჩაერთოს ომში, მაგრამ ყველა ირჩევს მშვიდობას, ამიტომაც საქართველო, რა თქმა უნდა, ირჩევს მშვიდობას. ჩვენ არ გვაქვს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა, არ გვაქვს ევროკავშირის უსაფრთხოების ქოლგა, ჩვენ ვართ სამჯერ ნაომარი რუსეთთან, ამიტომ ქვეყნებს, რომლებიც ამ ქოლგის ქვეშ არიან შეფარებული, ნატო იქნება თუ ევროკავშირი, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ ისინიც კი არ ებმებიან ომში, ამიტომ არჩევანი ნამდვილად არის მშვიდობასა და ომს შორის. ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანა, ჩვენც ვირჩევთ მშვიდობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, არავითარი არჩევანი მშვიდობასა და თავისუფლებას შორის არ არის, პირიქით, არჩევანი არის მშვიდობასა და ომს შორის.
„სწორედ პროპაგანდის ნაწილია, თითქოს საქართველო რაღაც ნაკლებ სოლიდარობას იჩენს და ა.შ. საქართველო ამ პირობებში იჩენს მაქსიმალურ სოლიდარობას და გადაწყვეტილების მიღების დროს სარგებლობს ზუსტად იმავე კრიტერიუმებით, რითიც ყველაზე ძლიერი ქვეყნები იმ ალიანსში. კრიტერიუმები არის ამ თანმიმდევრობით: პირველი, არ დაუშვას საკუთარი ქვეყნის ჩართვა ომში. არცერთი ქვეყანა ამას არ უშვებს და ყველა იცავს იმ წითელ ხაზს, სადაც ფიქრობს, რომ იმის იქით პირდაპირ ჩაერთვება რუსეთთან ომში; მეორე, არ დაუშვას საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის ეკონომიკური კატასტროფა. არცერთი ქვეყანა არ აწესებს ისეთ სანქციას, რომელიც საკუთარ ქვეყანას ეკონომიკურ კატასტროფამდე მიიყვანს, და მხოლოდ ამის შემდეგ არის უკრაინის სოლიდარობა. აი, ამ თანმიმდევრობით მიიღება ყველა გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.