შალვა პაპუაშვილი - არცერთი უცხოელი პოლიტიკოსი და სტრუქტურის წარმომადგენელი არ ამბობს, რომ ფრენებით ირღვევა რომელიმე სანქცია, შევთანხმდეთ, პირდაპირი ფრენები არცერთ სანქციას არ არღვევს
ჩვენ, ერთი მხრივ, არ ვუშვებთ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას საქართველოს გამოყენებით, საქართველო არის კეთილსინდისიერი და არცერთი ფაქტი, ჭორი, ეჭვი არ არსებობს, და მეორე, ჩვენ არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაზე, რომ „აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით, საქართველოს აეროპორტებში კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ“.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოსთვის იმის მოთხოვნა, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, არის უსამართლობა.
„კიდევ ერთხელ, უნდა შევხედოთ, აქაც მნიშვნელოვანია, ჩვენ აღქმებს არ ავყვეთ და შევხედოთ ფაქტებს. ფაქტი არის შემდეგი. აქ არანაირ აღდგენებზე არ არის საქმე. საქართველოს არასდროს თავის მხრიდან არ შეუწყვეტია პირდაპირი ფრენები რუსეთთან, საქართველოს მხრიდან ამასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 2008 წელს გვქონდა ომი რუსეთთან, მაშინდელი ხელისუფლება, შემდეგი ხელისუფლებაც არანაირ ბარიერს არ უქმნიდა პირდაპირ ფრენებს. პირდაპირი ფრენები დაკეტა რუსეთმა 2019 წლიდან და ახლანდელი გადაწყვეტილებით, რუსეთმა მაშინდელი გადაწყვეტილება უკან წაიღო. ამიტომ აქ საქართველოს საერთოდ არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ ის რჩება იმ პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ჰქონდა აქამდე. მნიშვნელოვანია ერთი მომენტი, როცა საუბარი არის შეშფოთებებზე. დააკვირდით ამ განცხადებებს, არცერთ განცხადებაში, უცხოური პოლიტიკოსი იქნება თუ რაიმე სტრუქტურა, არავინ არ ამბობს, რომ ამ ფრენებით ხდება გვერდის ავლა სანქციის ან რომელიმე სანქციის დარღვევა.
შევთანხმდეთ იმაზე, რომ პირდაპირი ფრენები არცერთ საერთაშორისო სანქციას არ არღვევს. აქედან გამომდინარე, თუკი რაიმე სხვა მოტივაცია არის ამ შეფასებების უკან, მაშინ ამ მოტივაციებზე უნდა ისაუბრონ. ვინაიდან ჩვენ არათუ ახლა, ერთ წელზე მეტია, რაც განვაცხადეთ, რა არის ჩვენი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით. პოლიტიკა არის შემდეგი, ჩვენ, ერთი მხრივ, არ ვუშვებთ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას საქართველოს გამოყენებით და საქართველო არის კეთილსინდისიერი, არცერთი ფაქტი, ჭორი, ეჭვი არ არსებობს, და მეორე, ჩვენ არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს. ამაზე არათუ ვსაუბრობთ, ეს არის გაცხადებული პოლიტიკა ერთ წელზე მეტია და ამ პოლიტიკას ეთანხმება ქართველი ხალხი, სხვათა შორის, ამ პოლიტიკას დაეთანხმა ოპოზიციაც, გახსოვთ. როდესაც იყო საუბარი, რომ ცა უნდა ჩაგვეკეტა რუსეთისთვის, შემდეგ თქვეს, რომ არა, მართალი იყო გადაწყვეტილება, როდესაც ცა არ ჩავკეტეთ, ვინაიდან ამ ცას ტრანზიტად იყენებს ასევე სომხეთიც. ამბობდნენ, რომ ვიზა უნდა შემოგვეღო, მერე თქვეს, რომ მართალი იყო, ვიზა რომ არ შემოვიღეთ, ახლა გადააკეთეს, რომ იქნებ შევამციროთ უვიზოდ ყოფნის ვადები.
სინამდვილეში, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ნიშნავს სანქციას, სანქცია ნიშნავს ესკალაციას, ესკალაცია ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც რთულია პროგნოზირება, რა იქნება შემდეგი, იქნება ეს ეკონომიკური კონტრდარტყმა საქართველოს მიმართ თუ იქნება სამხედრო სახის რისკები. იმ პირობებში, როდესაც არცერთი ქვეყანა და არცერთი ორგანიზაცია საქართველოს არ აძლევს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიებს, ამ პირობებში საქართველოსთვის იმის მოთხოვნა, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, არის უსამართლობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.