შალვა პაპუაშვილი - არავის ეთაკილება დახმარების თხოვნა, ჩვენც ვეხმარებით ხოლმე ჩვენს მეზობლებს, როცა საჭიროა და მეზობლებიც დაგვხმარებიან, ახლა დახმარების საჭიროება არ იყო
დახმარების საჭიროება არ იყო, ეს თავიდანვე განიმარტა, რომ არ არსებობდა არცერთი გადაუდებელი სამაშველო ღონისძიება და ამოცანა, რომელიც ვერ შესრულდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შოვში განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს რამდენიმე ქვეყანამ საქართველოს დახმარება შესთავაზა, რაზეც ხელისუფლებამ უარი განაცხადა.
„რა თქმა უნდა, არ იყო ამის საჭიროება, თორემ არავის არ ეთაკილება დახმარების თხოვნა. ჩვენც ვეხმარებით ხოლმე ჩვენს მეზობლებს, როცა საჭიროა და მეზობლებიც დაგვხმარებიან მაშინ, როცა ამის საჭიროება იყო. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. ხედავთ კიდევ ერთხელ, რა რაოდენობის ტექნიკა, ასევე ადამიანები, მაშველები და სამხედროები არიან მობილიზებული, ასე რომ, ამ მხრივ საჭიროება არ იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.