შალვა პაპუაშვილი - არავის აქვს ექსკლუზივი, ისაუბროს ევროპულ ღირებულებებზე ქართველ ხალხთან, ქართველი ხალხი არის ევროპელი, ის, რაც ქართველების ინტერესშია, ის არის ევროპული მომავლის ინტერესში
საზოგადოების განწყობა გამოჩნდა 29 აპრილს, როდესაც 200 ათასი ადამიანი შეიკრიბა რუსთაველის გამზირზე და მხარი დაუჭირა როგორც ამ კანონს, ისე იმ მიდგომებს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას აქვს, საზოგადოების უმრავლესობის განწყობა ცნობილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, რეგიონებში შეხვედრების დროსაც ჩანს მოქალაქეების განწყობა.
„ქართველი ხალხი მხარს უჭერს, რომ, მისი უფლებაა, იცოდეს, რაში იხარჯება უცხოური ფული. მე ვსაუბრობ ქართველი ხალხის სახელით. რაც შეეხება აქციას, სამწუხაროდ, ვხედავთ დეზინფორმაციული კამპანიის ტალღაა, მათ შორის, უცხოეთიდან წარმოებული. საგნობრივი დისკუსია ნულია, არის უბრალოდ ტრაფარეტებით და სლოგანებით საუბარი, რომ რაღაც არ შედის ევროპულ ღირებულებაში. ესაა აბსოლუტურად ზედაპირული, ლოზუნგებით საუბარი, შინაარსის გარეშე. გარდა ამისა, ესაა გარკვეული პიედესტალიდან საუბრის მცდელობა ქართველი ხალხის მიმართ, როდესაც საუბარია, თითქოს რაღაც ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. არავის აქვს ექსკლუზივი, ისაუბროს ევროპულ ღირებულებებზე ქართველ ხალხთან, ქართველი ხალხი არის ევროპელი ხალხი. ის, რაც ქართველი ხალხის ინტერესშია, ისაა ევროპული მომავლის ინტერესში. ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ უცხოური ფული, რომელიც აქ შემოდის, იყოს გამჭვირვალე. არავის აქვს უფლება, შემოვიდეს საქართველოში, ფული ხარჯოს ჩუმად, პოლიტიკური მიზნებით და არც კი ჩათვალოს ქართველი ადამიანი ღირსად, რაში ხარჯავს ამ ფულს, უთხრას. თუ რაიმე რუსულია, ზუსტად ეს დამოკიდებულებაა რუსული – შემოხვიდე აქ ჩემოდნებით, ხარჯო ფული და არ უთხრა ქართველ ხალხს, რაში ხარჯავ ამ ფულს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.