შალვა პაპუაშვილი - არათუ ფაქტი, ეჭვიც კი არ არსებობს სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაზე, ამ შემთხვევაშიც, ჩვენი აეროპორტები მხოლოდ არასანქცირებულ კომპანიებს და ბორტებს მიიღებენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველო-რუსეთს შორის ფრენების საკითხზე საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოში ფრენები განხორციელდება მხოლოდ არასანქცირებული კომპანიების მიერ.
პაპუაშვილის თქმით, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ კეთილსინდისიერად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს და დღემდე სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენების არცერთი ფაქტი არ არსებობს.
„თავის დროზე რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ეს იქნებოდა ვიზების საკითხი თუ ფრენების აკრძალვა, და რუსეთმა საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა. ეს არის სრულად მათი საკითხი. მეორე, ვამბობთ და ჩვენმა საქმიანობამ დაამტკიცა, რომ ვართ ყველაზე კეთილსინდისიერი შემსრულებელი საერთაშორისო სანქციებისა და უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის. საქართველო რუსეთის მოსაზღვრეა და ამ მხრივ რისკის ქვეშაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა აჩვენეს თავიანთი სიძლიერე, რომ არათუ არცერთი ფაქტი, ეჭვიც კი არ არსებობს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაზე. ამიტომ ამ შემთხვევაშიც მკაფიოდ ითქვა, რომ ჩვენი აეროპორტები მიიღებენ მხოლოდ იმ კომპანიებს და ბორტებს, რომლებიც არ არიან სანქცირებული და ზუსტად ისეთივე მიდგომა გვექნება, როგორიც აქვთ ისრაელს, თურქეთს და ევროკავშირის სხვა წევრ თუ პარტნიორ ქვეყნებს. რაც შეეხება მოწოდებებს, რომლებიც გვესმის უპასუხისმგებლო ოპოზიციისგან, რომ რუსეთს დავუწესოთ ორმხრივი სანქციები, ამაზეა საუბარი, როდესაც ლაპარაკობენ ვიზის შემოღებაზე, შეზღუდვაზე, საუბრობენ, რომ ცალმხრივად ავკრძალოთ ფრენები. ეს არის ორმხრივი სანქციის დაწესება და რაც მთავარია, მოწოდებების მთელი აბსურდი იმაშია, რომ როდესაც რუსეთმა სანქცია მოუხსნა ქართველებს, ახლა საქართველოს ხელისუფლებამ თავად დაუწესოს სანქცია ქართველებს, რაც აბსურდია. გასაგებია, რომ უცხოელები საუბრობენ ამაზე, ისინი საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, მაგრამ როდესაც ქართველი პოლიტიკოსები საუბრობენ ამ არგუმენტაციით, აჩვენებს, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ საკუთარ ამომრჩევლებთან, მათ ინტერესებთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.