შალვა პაპუაშვილი - არასწორია, როცა სალომე ზურაბიშვილი ერევა საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციებში, პარლამენტი მოქმედებს ხალხის ინტერესებით, ყველა დარჩეს საკუთარ კომპეტენციაში
არასწორია, როცა სალომე ზურაბიშვილი ერევა საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციებში, რაც შეეხება კანონმდებლობის ცვლილებას, ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის კომპეტენცია, მათ შორის მოქალაქეობასთან დაკავშირებით განსაზღვროს, კანონმდებლობა და პოლიტიკა როგორია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ დაარღვიოს კონსტიტუცია და არ ჩაერიოს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაში.
„პარლამენტი წარმოადგენს ქართველ ხალხს და მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებით. ის კანონმდებლობა, რომელსაც იღებს პარლამენტი, არის ქართველი ხალხის ინტერესით მიღებული. მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკუთარ კომპეტენციებში დარჩეს. ბოლო ცვლილებას ქალბატონმა სალომემ ხელი მოაწერა, მაგრამ, როგორც ჩანს, შინაარსი ვერ გაიგო, რასთან დაკავშირებით იყო ეს ცვლილება, რომელიც ეხებოდა მოქალაქეობის არმქონე პირებს, აპატრიდებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან და არის გარკვეული ჯგუფი წლების განმავლობაში, რომელთაც არ აქვთ მოქალაქეობა, მათ შორის, არც საქართველოსი. ისინი არიან ჩვენი მოქალაქეები, ათწლეულებია, აქ არიან, მაგრამ რაღაცნაირად დარჩა ეს ჯგუფი, რომელთაც არ აქვთ მოქალაქეობა, მათთვის არის ეს გამარტივება განსაზღვრული. არ ყოფილა ამ ცვლილების მიზანი, რომ ქართველების თუ საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ არიან საქართველოს ტერიტორიაზე, მათთვის რამე პროცედურები დაედგინა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა: „ჩვენ თუ გვაქვს ოდნავ რამე სტრატეგია ან ხედვა, როგორი უნდა იყოს ჩვენი ხვალინდელი ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან, უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ავტომატურად ვუბრუნებთ მოქალაქეობას ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაბადებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ყველაფრის მიუხედავად და არანაირი პროცედურების გათვალისწინებით. ეს იყო მეორე მოთხოვნა, რომელიც სახელმწიფოს უნდა დაეკმაყოფილებინა. მე ამ ცვლილებებზე ვეტოც არ დავადე, რადგან ეს არ არის სავეტოო ცვლილებები. მთავარია, ჩვენ ვიზრუნოთ იმაზე, რომ არსებითი ცვლილებები იყოს მიყვანილი ბოლომდე. მინდა, მოვუწოდო ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, ვისაც შეუძლია, ინიციატივა მიიღოს პარლამენტში, ამ კუთხით შეიტანონ ინიციატივა, რადგან, მგონი, ეს საკითხი ყველას ეხება“.