შალვა პაპუაშვილი - არასამთავრობო სექტორს სჭირდება გადატვირთვა, რამდენიმე ე.წ. გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელიც ამ სფეროში დომინირებს და სხვა ორგანიზაციებს თრგუნავს
ბოლო პერიოდმა გამოაჩინა, რომ არასამთავრობო სექტორი საჭიროებს გადატვირთვას. კრიზისი, რომელიც ამ სექტორში არსებობს ფარისევლობის სახით, რაღაცნაირად უნდა გადალახონ, გადატვირთონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორში რამდენიმე გავლენიანი ორგანიზაცია დომინირებს.
„რამდენიმე ე.წ. გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელიც დომინირებს ამ სფეროში, თრგუნავს სხვა ორგანიზაციებს, რომელთა უმეტესობა, 99 პროცენტი დაკავებულია სოციალური, საგანმანათლებლო თუ სხვა საკითხებით, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ცენტრში, ისე რეგიონებში. რამდენიმე დომინანტი ორგანიზაციაა, რომლის მიმართაც პატარა ორგანიზაციებს შიში და რიდი აქვთ, სწორედ იმის გამო, რომ იციან, ამ ორგანიზაციებს აქვთ უნარი, სხვა ორგანიზაციები ჩარეცხონ, გარიყონ, არ მიაკარონ ფონდებს. ამის გამო სხვა ორგანიზაციებში გარკვეული შიშია ე.წ. დომინანტი ორგანიზაციების მიმართ. ვფიქრობ, შიგნით, სამოქალაქო სექტორში მათ უნდა განიხილონ ეს საკითხი, რაღაცნაირად მოახერხონ და გადატვირთონ ეს სიტუაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ სახალხო დამცველი დაასახელებს იმ პირთა ვინაობას, რომელთა მხრიდანაც ლევან იოსელიანის არჩევასთან დაკავშირებით ოპოზიციონერ სამ ქალ დეპუტატზე ზეწოლა მიმდინარეობდა.
„გავლენებს რაც შეეხება, როგორც ახლად არჩეულმა სახალხო დამცველმაც განაცხადა, სამ დეპუტატზე იყო ზეწოლა. ვფიქრობ, სახალხო დამცველის მოვალეობაც არის, ამ საკითხით აქტიურად დაინტერესდეს. მოგიწოდებთ, იმ სამ დეპუტატსაც ჰკითხოთ, ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სამ ქალ დეპუტატზე ოპოზიციიდან მიმდინარეობდა ზეწოლა, რათა მათ ხმა მიეცათ სახალხო დამცველთან დაკავშირებით არა საკუთარი გადაწყვეტილებით, არამედ ზეწოლის ქვეშ. ეს არის პირდაპირ ზეწოლა დეპუტატზე და თავისუფალ მანდატში ჩარევა. არსებობს ეჭვი, რომ ესენი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახდენდნენ ზეწოლას საქართველოს პარლამენტის წევრებზე. ვფიქრობ, პირველ რიგში, ამ სამი დეპუტატის ვალდებულებაა, დაასახელონ, ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას. ომბუდსმენის მხრიდანაც იქნებოდა კარგი, თუ ისიც დაასახელებდა, ვინ ახდენს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას, ვინ არიან ადამიანები თუ ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკაში, დემოკრატიულ პროცესში იძულებისა და ზეწოლის გზით ერევიან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.