შალვა პაპუაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფი არათუ გულშემატკივრობს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, არამედ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პირდაპირ ფეხს უდებს
ქართველ ხალხს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გულშემატკივრობა სჭირდება, თითქოს ეს გულშემატკივრობა აღგვითქვეს კიდეც, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების ეს ჯგუფი არათუ გულშემატკივრობს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და რეკომენდაციების შესრულებას, არამედ ზუსტად ეს ცხრა ორგანიზაცია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პირდაპირ ფეხს უდებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ევროკომისია სახალხო დამცველის არჩევას რეკომენდაციის შესრულებად აფასებს, ხოლო ქართული „ენჯეოები“ ამბობენ, რომ შესრულებული არ არის“.
„მაგალითი რომ გითხრათ – ევროკომისიამ სამი რეკომენდაცია სრულად შესრულებულად ჩათვალა, ქართველმა „ენჯოებმა“ კი, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ ქართველ ხალხს წარმოადგენენ, ამბობენ, რომ სრულად ერთი რეკომენდაცია შესრულდა. ეს რა გულშემატკივრობაა? – მათ არავინ სთხოვს, რომ თუ ევროკომისია სამ რეკომენდაციას იტყვის შესრულებულად, მათ ოთხი თქვან, წაუმატონ და წაახალისონ. როცა ევროკომისია პროცესის ობიექტური შემფასებელია და ამბობს, რომ სამი რეკომენდაციაა შესრულებული, ხოლო ცხრა „ენჯეო“ დაჟინებით ამბობს, რომ მხოლოდ ერთია შესრულებული, რა თქმა უნდა, ეს ევროპულ გზაზე ფეხის დადებაა. ევროკომისია სახალხო დამცველის არჩევას რეკომენდაციის შესრულებად აფასებს, ხოლო ქართული „ენჯეოები“ ამბობენ, რომ შესრულებული არ არის. ეს ის ორგანიზაციებია, რომელიც თავად მხარე იყო და საკუთარი კანდიდატი ჰყავდა. მინიმალური ადამიანური კეთილსინდისიერება და ეთიკა უნდა გამოიჩინო, როცა ხარ მხარე პროცესში? მით უმეტეს, როცა ობიექტური შემფასებელი ამბობს, რომ რეკომენდაცია შესრულებულია, როგორც მხარემ, იქ მაინც ხომ უნდა თქვა, რომ რეკომენდაცია შესრულებულია და საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში არ გაჯიუტდე. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს გულშემატკივარი იყვნენ, იმის გამო, რომ ალბათ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ანტიპატია აქვთ და ხელისუფლების შეცვლის პოლიტიკური მიზნები, შეუძლიათ, ამ მიზნებს საქართველოს ინტერესები გადააყოლონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცხრა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პირობის შესრულების მდგომარეობა შეაფასა.