შალვა პაპუაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციები დახურული პროცესით გარიგდნენ სახალხო დამცველის კანდიდატებზე, ეს ადასტურებს, როგორი კრიზისია სამოქალაქო სექტორში
შალვა პაპუაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციები დახურული პროცესით გარიგდნენ სახალხო დამცველის კანდიდატებზე, ეს ადასტურებს, როგორი კრიზისია სამოქალაქო სექტორში

სახალხო დამცველის კანდიდატზე პარლამენტში კონკურსი არის გამოცხადებული, 29 სექტემბრის ჩათვლით და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, განცხადება შემოიტანოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნა, სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის ერთადერთი პროცესი არის პარლამენტში.

„რაც შეეხება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პარალელურ აქტივობებს, ვნახეთ ერთი რამ, რასაც ხაზი უნდა გაესვას – ზუსტად ის ორგანიზაციები, რომლებიც ხან პარლამენტს, ხან მთავრობას, ხან პარტიებს მიუთითებენ, რომ რაღაც პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, კრიტერიუმებზე დაყრდნობით და საჯარო, ზუსტად მათ დახურული, არაგამჭვირვალე და კრიტერიუმების გარეშე პროცესით, რაღაცნაირად გარიგდნენ რომელიღაც კანდიდატებზე და დაასახელეს. ფაქტობრივად, ეს ადასტურებს, როგორი კრიზისია სამოქალაქო სექტორში, სამწუხაროდ. ის თამასა, რომელსაც სხვას უყენებენ, თავად ვერც კი წვდებიან. ერთი განხილვაც კი არ ჰქონიათ საჯარო, არც კი უთქვამთ, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით არის ეს ყველაფერი. არავის შეეძლო საკუთარი ინიციატივით მიემართა, რომ მისი კანდიდატურა განეხილათ, რაც არის ფარისევლობა.

რასაც ვხედავთ, იმ კომუნიკაციით, რომელიც დღესაც ოპოზიციურ პარტიებთან მქონდა, პარტიებს შორის თანამშრომლობა კარგად მიდის. ამიტომ, პოზიტიური იმედი მაქვს, რომ პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები მივაღწევთ შეთანხმებას სახალხო დამცველის კანდიდატურაზე. ახლა ეს პროცესი ოპოზიციის ხელშია. ჯერ იქნება დოკუმენტების საფუძველზე 9-კაციანი ჯგუფის მიერ კანდიდატების შეფასება, შემდეგ კი, ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა, რომ დაასახელოს კანდიდატები, ამიტომ ახლა მთლიანად ოპოზიციის ხელშია ეს პროცესი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.