საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმედი აქვს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ხელახალი კენჭისყრის დროს ოპოზიცია მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენს და მხარს დაუჭერს მათთვის საინტერესო კანდიდატებს.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კანდიდატების შერჩევის პროცესი ხანგრძლივი იყო. ჩატარდა კონკურსი, სადაც დაახლოებით 30 ადამიანი მონაწილეობდა, გაიარეს გასაუბრებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, რომელიც იყო საჯარო, ყველა მონაწილეობდა. ასე რომ, არა მხოლოდ პარლამენტის წევრებმა, არამედ საზოგადოებამაც ნახა, ვინ იყვნენ იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატები. ჩვენ რამდენიმე თვე ველოდებოდით ოპოზიციისგან კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რათა აგვერჩია კანდიდატები. რამდენჯერმე გადაიდო კენჭისყრა. ამ დღეებში განვაცხადეთ, რომ საჭირო იყო ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება და კარგია, რომ უკვე შევძელით სამი კანდიდატის არჩევა. ორი ვაკანტური ადგილია დარჩენილი, მეორე ტურში ოთხი კანდიდატია. იმედი მაქვს, რომ ხვალ უკვე ამასთან დაკავშირებით ჩატარდება კენჭისყრა. ვიმედოვნებ, ოპოზიცია ამ შემთხვევაში გამოიჩენს მეტ პასუხისმგებლობას და მხარს დაუჭერს მათთვის საინტერესო კანდიდატს“, – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
ამასთან, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართული არიან პარლამენტის წევრებზე ზეწოლაში. მისივე განმარტებით, „მიმართავს დონორ ორგანიზაციებს, დააფიქსირონ პოზიცია, როგორ ხედავენ საკითხს, როცა მათ მიერ გადახდილი ფული ხმარდება დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის რეპუტაციის შელახვასა და დეპუტატებზე ზეწოლას“.
„კენჭისყრა ფარული იყო, აქედან გამომდინარე, ვერ იქნება ცნობილი, ვინ მისცა ხმა ამა თუ იმ კანდიდატს, თუმცა საინტერესო იყო რეაქცია. ფაქტობრივად, ღიად დავინახეთ ის, რაზეც იყო საუბარი ომბუდსმენის არჩევის დროს, რაც გააკეთა ოპოზიციამ, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც პირდაპირ დაიწყეს ზეწოლა, მათ შორის პარლამენტის წევრებზე, რათა მათ თავიანთი გადაწყვეტილებებით კი არ ეყარათ კენჭი ამა თუ იმ კანდიდატისთვის, არამედ დამორჩილებოდნენ სხვის დიქტატს – ესაა ყველაზე სამწუხარო. პირდაპირ გამოჩნდა სახელებით და სახეებით, დავინახეთ, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ზეწოლას ახდენდნენ ომბუდსმენის არჩევის პროცესზე, რათა ჩაშლილიყო და დღეს მათ თავიანთი სახე გამოავლინეს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ, საბოლოო ჯამში, მათ აინტერესებთ ერთადერთი შედეგი, რომ ჩავარდეს ასეთი სახის კენჭისყრები, მათ შორის ჩავარდეს 12 რეკომენდაციაზე მუშაობა და პარლამენტმა ვერ შეძლოს ამ რეკომენდაციების შესრულება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართული პარლამენტის წევრებზე ზეწოლაში. ახლა მნიშვნელოვანია იმ დონორების პოზიციები, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს. ფაქტობრივად, ამ დონორების მონაწილეობაა ზუსტად, რომ პარლამენტის წევრებზე ხდება ზეწოლა. მათთან მქონდა საუბარი, როცა სახალხო დამცველი ავირჩიეთ და სახალხო დამცველმა მაშინ პირდაპირ განაცხადა, რომ პარლამენტის სამ წევრზე იყო ზეწოლა, მათ შორის „ენჯეოების“ მხრიდან. დონორებს ვუთხარი, დაინტერესებულიყვნენ, შემთხვევით ხომ არ არიან მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ამ ზეწოლაში ჩართული. უკვე დღესაც ვნახეთ, ვინ არიან ეს ორგანიზაციები. ახლა მნიშვნელოვანია, დონორები დაინტერესდნენ, სად მიდის მათი გადასახდელების გადამხდელების ფული – რატომ ხმარდება ეს ფული იმას, რომ ვიღაც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზეწოლა განახორციელოს ხალხის მანდატის მქონე პარლამენტის წევრზე, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. კიდევ ერთხელ მივმართავ დონორ ორგანიზაციებს, რომ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, როგორ ხედავენ ისინი ამ საკითხს, როცა მათ მიერ გადახდილი ფული ხმარდება დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის რეპუტაციის შელახვასა და საქართველოს ხალხის მანდატით აღჭურვილ დეპუტატებზე ზეწოლას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, საერთო ჯამში, 29 კანდიდატს უყარეს კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ოპოზიციიდან როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმა დაუჭირეს მხარი.
ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ვაკანტური ადგილია დარჩენილი. ოთხ კანდიდატს, რომლებმაც სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს, მეორე ტურში უყრიან კენჭს.