პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და სომხეთს შორის 2024 წლის იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაცია, როგორც ორ ქვეყანას შორის ისტორიული მეგობრობის ლოგიკური გაგრძელება.
შალვა პაპუაშვილმა სომხურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციის პირველად მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთის მთავრობებსა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის მტკიცე კავშირებს. აღინიშნა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს რეგიონული მშვიდობის საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობაზე რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
არარატ მირზოიანმა მადლიერება გამოხატა საქართველოს მზაობისთვის, ხელი შეუწყოს რეგიონულ მშვიდობას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გია ვოლსკი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი სუმბატ კიურეღიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე.