შალვა პაპუაშვილი - არაერთხელ განვმარტე, რომ ოფიციალური მოწვევა არ გვქონია რადასგან, დღეს გავიგეთ, პრეზიდენტსაც არ მისვლია მოწვევა, როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტმა ეს არ ჩათვალა საჭიროდ
შალვა პაპუაშვილი - არაერთხელ განვმარტე, რომ ოფიციალური მოწვევა არ გვქონია რადასგან, დღეს გავიგეთ, პრეზიდენტსაც არ მისვლია მოწვევა, როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტმა ეს არ ჩათვალა საჭიროდ

დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა წამოიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და გვაქვს ერთი წელი, რათა გავაანალიზოთ, მათ შორის ის, რა სახის მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველომ უკრაინას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველომ უკრაინის მიმართა გამოიჩინა ისეთი სოლიდარობა, რომელსაც არცერთი სახელმწიფო ამ მდგომარეობაში არ გამოიჩენდა.

„ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადასახედიდან თუ შევხედავთ და ყველა ფაქტორს გავითვალისწინებთ, ჩვენ მივალთ დასკვნამდე, რომ საქართველომ გამოიჩინა ისეთი სოლიდარობა, რომელსაც არცერთი სახელმწიფო ჩვენნაირ მდგომარეობაში არ გამოიჩენდა. ამას მე ვეუბნები ქართულ საზოგადოებას. მაშინ, როდესაც ალყაშემორტყმულ კიევში, რომელიც იბომბებოდა, იხურებოდა საელჩოები და ცხადდებოდა ევაკუაცია, ქართული საელჩოს კარი ერთი წუთითაც არ დაკეტილა და დროშა არ დაწეულა. აი, ეს არის ის, თუ როგორ ედგა საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის სახელით უკრაინას გვერდში. შემდეგ ყველა ჩვენი ნაბიჯი, ყველა ჩვენი მხარდაჭერა, გუშინდელი გაერო-ს რეზოლუციის სახით, რომელიც ჩვენი თანაავტორობით იქნა ინიცირებული და მიღებული, აჩვენებს, რომ საქართველომ ერთი სანტიმეტრითაც არ დაიხია მხარდაჭერაში. ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს არ იცავს ნატო-ს ქოლგა, საქართველოს არ იცავს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა, საქართველოში დღესაც დგას საოკუპაციო ჯარი და სწორედ ამ პირობებში იჩენს საქართველო მხარდაჭერას. ყველა სხვა, ვინც არის უკრაინის ალიანსის მხარდამჭერებს შორის, მათ იცავთ ნატო-ს ჯარი, იცავთ ევროკავშირი, მათ არ ჰყავთ საოკუპაციო ჯარი მათ ქვეყანაში, ამიტომ, კიდევ ერთხელ, ჩვენი ხალხისა და ამ ხალხის წარმომადგენელი ხელისუფლების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არის აბსოლუტური, უკომპრომისო.

მე ვსაუბრობ საქართველოს პარლამენტის სახელით და სხვის პოზიციებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფაქტი და რელობა ხომ არის და ამას ხედავს ყველა. სამწუხაროდ, მცდელობა არის ხოლმე, რომ რაღაც აღქმები შექმნან და უკრაინის მხარდაჭერა დაიყვანონ იქამდე, ვინ საიდან გადაიღებს „სელფს“ და ჩაერთვება ლაივით, რომელი ქალაქიდან. ეს არ არის ის მხარდაჭერა, რომელიც სჭირდება უკრაინას. უკრაინას რაც სჭირდებოდა, ქართული დროშა და ქართული საელჩო, რომელიც გახსნილი იყო მაშინ, როცა ყველა სხვა საელჩო იკეტებოდა, აი, ეს იყო სოლიდარობა და მხარდაჭერა. სწორედ მთავრობის პოზიციაა, რომელიც მაშინ დაფიქსირდა, რომ ქართული დროშა არ დაიწია კიევში და სხვა საელჩოების მსგავსად არ დაიხურა ქართული საელჩო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, საპარლამენტო დელეგაცია რატომ არ წავიდა კიევში, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მათ რაიმე ოფიციალური მიწვევა არ ჰქონიათ.

„ამ ნაწილს რაც შეეხება, მე შემდეგ ავუხსენი პრეზიდენტს, რომ ჩვენ რამე ოფიციალური მოწვევა უკრაინის პარლამენტისგან არ გვქონია, ამიტომ ეს სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით არ იყო. მე საჯაროდაც არაერთხელ განვმარტე, ჩვენ ოფიციალური მოწვევა არ გვქონია უკრაინის რადასგან, ისევე როგორც დღეს გავიგეთ, რომ პრეზიდენტსაც არ მისვლია მოწვევა. მას სურდა, ჰქონოდა მოწვევა, მაგრამ, როგორც ჩანს, არ ჩაითვალა, არ ვიცი, უკრაინის პრეზიდენტმა არ ჩათვალა საჭიროდ, რომ მიეწვია საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ მოწვევა არ გვქონია და იყო მეგობრობის ჯგუფის დონეზე პირადი მიწვევა სხვადასხვა ფორმატზე. ამ აჟიოტაჟის შემდეგაც გვქონდა ჩვენ კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან რადაში. პირიქით, ისინი გამოვიდნენ ჩვენთან კონტაქტზე, რა ხდება, რატომ იყო ეს აჟიოტაჟი ამ საკითხთან დაკავშირებითო. კიდევ ერთხელ, რაიმე ოფიციალური მოწვევა არ ყოფილა, იყო ცალკეული მეგობრობის ჯგუფების ფორმატში და, ასე ვთქვათ, შეთავაზებები, მაგრამ არ ყოფილა ეს ოფიციალური.

უპრეცედენტო მასშტაბის აგრესიას ვაკვირდებით ყველა. ეს არის ისეთი ტკივილი, რომელსაც ახლა უკრაინელი ხალხი განიცდის, ისეთი ომი, რომელშიც უკრაინელი ხალხი არის და ამის დაყვანა ასეთ საკითხამდე, რომ ვინ სად დადგება და სად გადაიღებს „სელფს“, ეს, უბრალოდ, არ არის სწორი და მართალი საქციელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი წყენა და ამაზეც ვსაუბრობთ ხოლმე, კიდევ ერთხელ, ვიდრე უკრაინა არის ამ უსამართლო ომში, ჩვენი სოლიდარობა უკრაინასა და უკრაინელი ხალხის მიმართ არის უპირობო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.