შალვა პაპუაშვილი - არ ვიცი, ვინ არიან „მწვანე ალტერნატივის“ და „მთის ამბების“ დონორები, მაგრამ მოვუწოდებ, ჩახედონ, რას აფინანსებენ, ორგანიზაციებს, რომლებიც ცდილობენ, პანიკა დათესონ, ეს რა ქცევაა
არ ვიცი, ვინ არიან „მწვანე ალტერნატივის“ და „მთის ამბების“ დონორები, მაგრამ მოვუწოდებ, ჩახედონ, რას აფინანსებენ. აფინანსებენ ორგანიზაციებს, რომლებიც ცდილობენ, პანიკა დათესონ, ეს რა ქცევაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ტრაგედიისას, როდესაც საზოგადოება უნდა იყოს სოლიდარული, უწევთ არა მხოლოდ სტიქიასთან, არამედ დეზინფორმაციასთან ბრძოლა.
„საზოგადოება როდესაც უნდა იყოს კონსოლიდირებული და სოლიდარული, ზუსტად ამ მომენტში, ისეთ საკითხზე, რომელსაც არაფერი საერთო შეიძლება არ ჰქონდეს სხვა ისეთ პოლიტიკურ საკითხებთან, ამ განსაკუთრებული ტრაგედიის მომენტში გვიწევს არა მხოლოდ სტიქიასთან, არამედ დეზინფორმაციასთან ბრძოლა.
სამწუხაროდ, რამდენიმე მედია, არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებდა, თითქოს არსებობს რაღაც კვლევა, რომელიც აჩვენებდა, რომ ამ ხეობაში რაღაც ღონისძიებებია ჩასატარებელი, რაც ტყუილია. სხვა დასახელების მდინარეა იქ, დღვიორაზეა საუბარი, რომელიც არის ქვემოთ, მეორე მხარეს, სხვა ხეობა. მიუხედავად ამისა, ეს დეზინფორმაცია ვრცელდება და დღეს იყო სამწუხარო შემთხვევა, როდესაც ხდება პირდაპირი ტყუილი, თითქოს იმ ადამიანებთან არ ხდება საუბარი, რომლებიც ოჯახის წევრებს ეძებენ. იქ ვიყავით მთელი დღე, ვესაუბრეთ, არა მხოლოდ ამ ადამიანებს, სხვებსაც, ვინც ეძებს ოჯახის წევრებს და ვცდილობთ, იმედი მივცეთ და გვერდით დავუდგეთ. მათზე ყველანაირად ზრუნავს შტაბი და სახელმწიფო. მიუხედავად ამისა, ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს არავინ ესაუბრება.
როდესაც ვსაუბრობთ ასეთ პრობლემებზე, საუბარი გვაქვს ბუნებრივ კატასტროფაზე და კრიზისულ მომენტებზე, როდესაც ხდება პირდაპირ საბოტაჟი ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებით, სერიოზული კითხვის ნიშნები ისმის ამ ორგანიზაციების დონორების მიმართ. „მწვანე ალტერნატივის“ და „მთის ამბების“ დონორები, როდესაც აფინანსებენ ორგანიზაციებს, რომელიც პირდაპირ საბოტაჟს უწევენ კრიზისულ მომენტში და ცდილობენ, პანიკა დათესონ, ეს რა ქცევაა ან რისი დაფინანსებაა საერთოდ? არ ვიცი, ვინ არიან ამ ორგანიზაციების დონორები, მაგრამ ვინც არიან, მოვუწოდებ, ჩახედონ, რას აფინანსებენ. ეს არის მეგობრობა ხალხის მიმართ? როდესაც კრიზისულ მომენტში მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები პირდაპირ საბოტაჟს უწევენ მთლიანად პროცესს და ცდილობენ პანიკის დათესვას. ამ პრობლემას, სამწუხაროდ, სხვა დროს კიდევ შეიძლება, უმკლავდებოდე და ნაკლებად ემოციურიც იყო, მაგრამ როდესაც ასეთ ტრაგედიაზე გვაქვს საუბარი, როცა კატასტროფიდან გამომდინარე კრიზისული მომენტების მართვაა, როდესაც ამ დროს ხდება ზურგში დანის ჩარტყმა ასეთი მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რა თქმა უნდა, აქ არის პასუხისმგებლობა მათი დონორების. მოვუწოდებ მათ, ამაზე დაფიქრდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.