შალვა პაპუაშვილი - არ ვაპირებთ, მივუბრუნდეთ კანონპროექტის განხილვას, ემოციები რომ ჩაცხრება, მათ შორის ისინიც, ვინც აქციაზე იყვნენ, დაფიქრდებიან, რას აპროტესტებდნენ
შალვა პაპუაშვილი - არ ვაპირებთ, მივუბრუნდეთ კანონპროექტის განხილვას, ემოციები რომ ჩაცხრება, მათ შორის ისინიც, ვინც აქციაზე იყვნენ, დაფიქრდებიან, რას აპროტესტებდნენ

ეს ემოციები რომ ჩაცხრება, მათ შორის ისინიც, ვინც აქციაზე იყვნენ, დაფიქრდებიან, რას აპროტესტებდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას, თუმცა მან თავისი შედეგი გამოიღო იმ მხრივ, რომ დარწმუნებული ვარ, მოქალაქეები დაფიქრდნენ. ეს ემოციები რომ ჩაცხრება, მათ შორის ისინიც, ვინც აქციაზე იყვნენ, საერთო ჯამში დაფიქრდებიან, რას აპროტესტებდნენ და დაფიქრდებიან იმაზე, იქნებ, მათთვის უკეთესი იყოს, ჰქონდეთ ინფორმაცია, რომელიც მათთვისვე არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ სპეცდანიშნულების რაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა დაშლისთვის საჭირო ღონისძიებები, რა აუცილებლობა მოითხოვდა ამ ტიპის პროპორციის ძალის გამოყენებას აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის შესაბამისი დანაყოფების განსასაზღვრი, თუმცა საზოგადოებამ ნახა, რამდენად პროფესიონალურად მოქმედებდნენ პროტესტის ორივე დღეს სამართალდამცავი ორგანოები.

„სპეციალური საშუალებები, წყლის ჭავლი და ა.შ იმიტომაც არის, რომ საბოლოო ჯამში, ნაკლები ზიანი მიაყენონ თავად აქციის მონაწილეებს. აქციაზე ზოგადად, როგორც წესი, დიდი ნაწილი მშვიდობიანად არის ხოლმე, მაგრამ არის ხოლმე აგრესიული ჯგუფი და ამ აგრესიულ ჯგუფს სჭირდება ლოკალიზება, შესაბამისად, ტერიტორიიდან განრიდება და სწორედ სპეციალური საშუალებები იძლევა საშუალებას, რომ ნაკლები ზიანით მოახდინონ წესრიგის აღდგენა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის არც ერთ კანონს არ აქვს უფრო მეტი ძალა და ფასი, ვიდრე თუნდაც, ერთი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

მისი თქმით, ინიცირებული კანონპროექტების მიზანი იყო გამჭვირვალობა, რაც რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არის მიუღებელი.

„რამდენიმე დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია მართლაც აქვეყნებს თავის ყოველწლიურ ანგარიშს და ფინანსებიც ქვეყნდება, მაგრამ იმ ორგანიზაციების ფინანსები, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან, მაგალითად, „სირცხვილია“, არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე. ამასწინათ, სადღაც დადეს თავიანთი დონორების დასახელება და არსად არ ამბობენ, რა თანხას იღებენ, რომელი დონორისგან, რა პერიოდით და რა თემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ, „სირცხვილიას“ წარმომადგენელი გიგა მაქარაშვილი პარლამენტის წინ როგორ განსჯიდა იმას, თუ როგორ შევარდნილიყო პარლამენტში. ის არის არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი და მარტივი კითხვაა, რომელი პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა პარლამენტის წინ და გეგმავდა პარლამენტში შევარდნას; ძალიან მაინტერესებს, რომელი პროექტის დაფინანსებით ხდებოდა ეს. ხომ არის ხოლმე შემდეგ, რომ ამბობენ, გამჭვირვალე ვართო და ვისი დაფინანსებით იმყოფებოდა ის იქ? ძალიან საინტერესოა ასეთ კითხვებზე პასუხის მიღება. მათ შორის, შექმნილია ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები. პარტია „დროას“ აქვს შექმნილი იმავე სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არის აბსოლუტური ფეიკი და, რომელიც არაფერს არ აკეთებს, გარდა იმისა, რომ თანხის აკუმულირებას აკეთებს პარტიისთვის და იღებს შემოსავალს იმისთვის, რომ პარტია დააფინანსოს. პარტიებს აკრძალული აქვთ, რომ საზღვარგარეთიდან მიიღონ დაფინანსება და მათ შექმნილი აქვს ასეთი ფეიკ „ენჯეოები“, რომლებიც იღებენ დაფინანსებას, ვითომ როგორც „ენჯეოები“, სინამდვილეში კი ეს არის პარტიული დაფინანსება და ამას იღებენ უცხოური წყაროებიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.