შალვა პაპუაშვილი - აქედანვე ჩანს, რომ შეკრულები არიან რადიკალური ოპოზიცია და ზოგიერთი ადგილობრივი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია და ემზადებიან ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაციისთვის
ფაქტია, აბსოლუტური სისულელეა ერთპარტიულობაზე საუბარი მაშინ, როდესაც ცესკო-ში 17 წევრიდან, ერთის გარდა, ყველა არის ოპოზიციური პარტიებიდან, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 17-დან ერთი წარმომადგენელი, ხოლო ოპოზიციას შვიდი თუ რვა წარმომადგენელი ჰყავს პარტიული ხაზით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ლელოს“ სურს, თავისივე პოლიტსაბჭოს ჩაატარებინოს 2024 წლის არჩევნები.
„რაც შეეხება ოპოზიციურ მოადგილეს, ეს სერიოზული საკითხია, ამით არაფერი იცვლება. მას როგორც ჰქონდა ერთი ხმა, ის ერთი ხმა ექნება, რასაც აკეთებდა აქამდე, ზუსტად იმავეს გააკეთებს. ერთადერთი, რაც ეწერა იმ კანონში იყო, რომ მას ჰქონდა ჩასაფრებული პოზიცია, როდის გადაუბრუნდებოდა ფეხი თავმჯდომარეს, რომ მოვალეობა ვერ შეესრულებინა, რომ მერე ჩამხტარიყო თავმჯდომარის სავარძელში, ეს არის ერთადერთი ფუნქცია, რომელიც მას ეწერა. ახლა კითხვა ისმის, ისინი, ვინც ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ ეს დარჩეს, რა მიზნები და განზრახვები აქვთ სინამდვილეში? იმედოვნებენ, რომ რამენაირად იქნებ ჩამოაცილონ არჩეული თავმჯდომარე და „ლელოს“ პოლიტსაბჭოს ჩაატარებინონ არჩევნები. უკვე ეჭვები ჩნდება, რომ რაღაც გეგმები იხლართებოდა, არჩევნები ოქტომბერში ჩაეტარებინა „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს. რაც შეეხება ადგილობრივ დამკვირვებლებს, ის, რომ პარტიული წარმომადგენელი ამავე დროს პოლიტსაბჭოს წევრი გახდა და არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სახე, ეს არის საარჩევნო კოდექსის დარღვევა. არცერთმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ – საიამ, ისფედმა და სხვებმა – არცერთმა არ მიუთითა არცერთხელ „ლელოს“ და ამ წევრს, რომ ის ვალდებულია, დაიცვას ნეიტრალიტეტი. ყველამ თვალი დახუჭა, ასე რომ, აქედანვე ჩანს, რომ შეკრულები არიან როგორც რადიკალური ოპოზიცია, ასევე ზოგიერთი ადგილობრივი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია და ემზადებიან ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაციისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.